თავში

რა განსაზღვრავს რეგიონებში თხილის ფასს

რა განსაზღვრავს რეგიონებში თხილის ფასს
რა განსაზღვრავს რეგიონებში თხილის ფასს

დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერების ინფორმაციით,  თხილის ფასმა 8,50-9 ლარს მიაღწია. თუმცა ეს მხოლოდ ფორმალურად, ამ ფასად პროდუქტის გაყიდვას სინამდვილეში ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს. როგორც ფერმერები report.ge-თან ამბობენ, თხილის ჩამბარებელ პუნქტებში მოსავალს 9 ლარად იშვიათად აბარებენ, რადგან ფასი გატეხილი პროდუქტის ხარისხით განისაზღვრება და 7 ლარიდან იწყება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი 100 გატეხილი თხილის გულიდან 80-85 საღი აღმოჩნდება. წლევანდელი მოსავალი ძირითადად საშუალოდ ხარისხისაა. 100-დან 100 საღი თხილი შეიძლება 9 ლარადაც გაიყიდოს, მაგრამ წლევანდელი პროდუქტი ამის შესაძლებლობას პრაქტიკულად ვერ იძლევა.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიზო სართანია ამბობს, რომ წლევანდელი მოსავლის ნახევარი 7,50 ლარად გაყიდა. მისი თქმით, თხილის ჩამბარებელ პუნქტებში ფასი 9 ლარიც ღირს, მაგრამ სანაცვლოდ მაღალი სტანდარტია დაწესებული, რის დაკმაყოფილებაც გლეხებს მასიურად უჭირთ.

,,თხილის ფასი პროდუქტის ხარისხის მიხედვითაა. ჩვენი მოსავალი საშუალო ხარისხად ივლება და 7,50 ლარად ვაბარებთ. ჩამბარებელ პუნქტებში ამაზე ძვირად თხილს რეალურად თითქმის არავინ ყიდულობს, ადგილზე ხდება თხილის დამტვრევა და საღი გულების მიხედვით დგინდება ფასი. 100 თხილიდან 100-ვე საღი ვერ იქნება, ფაროსანამდეც არ იყო ასე და მით უმეტეს ახლა, როცა თხილის ხარისხზე მავნებლების გავლენა ჯერ კიდევ შეიმჩნევა. ცხადია, ხარისხი მაინც აშკარად გაუმჯობესებულია, მაგრამ 100%-ით ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ 9 ლარად თხილის გაყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ნორმალური ფასია, შარშან ხალხი 5 ლარადაც ვერ ყიდდა თხილს, ამიტომ უკმაყოფილო ვერ ვიქნები. წელს აშკარად უკეთესი მდგომარეობაა და მოსავლიანობაც არის გაზრდილი“, - ამბობს ფერმერი.

report.ge დაახლოებით 1 თვის წინ წერდა, რომ თხილის ფასის მხრივ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს სერიოზული პრობლემა აქვთ. ცხადია, სიტუაცია არ შეცვლილა და პროდუქტის გაყიდვა გალელებს ახლაც მინიმალურ ფასში უწევთ, ფაქტობრივად, 4-ლარიანი სხვაობით.

მიუხედავად იმისა, რომ თხილი წელს გალშიც ხარისხიანია, გალში მცხოვრებლებს არჩევანი არ აქვთ - პროდუქტის რეალიზაცია იმ ფასად უწევთ, რასაც ადგილობრივი გადამყიდველები სთავაზობენ. არსებული ფასი კი ამ ეტაპზეც 4 ლარს არ აღემატება.

რაც შეეხება თხილის ექსპორტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 6 273 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 33.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 2 195 ტონით (54%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 13.1 მლნ აშშ დოლარით (63%) გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system