თავში

რა გავლენა ექნება ტარიფების გათანაბრებას ჯანდაცვის ბაზარზე - Exclusive

რა გავლენა ექნება ტარიფების გათანაბრებას ჯანდაცვის ბაზარზე
რა გავლენა ექნება ტარიფების გათანაბრებას ჯანდაცვის ბაზარზე - Exclusive

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში დახარჯული მილიარდების მიუხედავად მთავრობა სასურველ შედეგამდე ვერ მივიდა,- პაციენტების მიერ სამედიცინო მომსახურებისთვის დახარჯული თანხები ისევ მაღალია. 7 წელიწადში მოსახლეობის მხრიდან ჯიბიდან გადახდები 18%-ით არის შემცირებული, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი ამ მაჩვენებლით უკმაყოფილოა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გამოსავალი სახელმწიფო ფასების რეგულირებაშია. დაფინანსების ახალი სისტემით, სამედიცინო დაწესებულებები იღებენ ვალდებულებას, რომ პაციენტებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მოემსახურონ. კლინიკა, რომელიც ამ ფასებზე თანახმა არ იქნება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება.

კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტარიფების გათანაბრებამ შესაძლოა ბაზრიდან კლინიკების ნაწილი გააქროს. ან მთავრობამ ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესება მიიღოს.

სამედიცინო ბაზრის ექსპერტი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ტარიფების გათანაბრებაზე საუბარია სელექტიურ კონტრაქტირებასთან ერთად, ეს არაა ცალკე კონტექსტად, რაც საყურადღებოა. მისი განმარტებით, სელექციური კონტრაქტი ესაა კონტრაქტი სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის და ყველა კლინიკა არჩევანისას დამოუკიდებელია. მათ რჩებათ უფლება, გადაწყვიტონ, მონაწილეობენ თუ არა ამ შეთანხმებაში. 

"მართალია, რომ ერთ სულ მოსახლეზე საწოლების რაოდენობით სიჭარბე გვაქვს, ამიტომ, ვფიქრობ, ამას ბაზარი დაარეგულირებს. არ არის გამორიცხული რომელიმე მოთამაშე გავიდეს ან შემოვიდეს ბაზარზე ახალი ინვესტიციით," -განუმარტა Report.ge-ს ექსპერტმა.

მედიცინის დოქტორი, ი. ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის ვაკის ფილიალის დირექტორი სამეცნიერო დარგში, მადონა ჯუღელი, Report ge-ს უდასტურებს, რომ ფასები მართალც დასარეგულირებელია. მისი თქმით, საქართველოში ხშირია შემთხვევა, როცა ბიზნესმენი ხსნის კლინიკას, ქირაობს სახელოვან ექიმებს და "მიდის კარუსელი", ანუ სჭირდება, თუ არ სჭირდება პაციენტს, უკეთებენ ყველაინაირ გამოკვლევას. მედიკოსის თქმით, ასეთ კლინიკებს ძალიან დიდი ფასები აქვთ და ვითარებას სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს.

“ახალი მრავალპროფილური კლინიკები მომრავლდნენ. ისინი, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ სასწრაფო დახმარების ექიმებზე არიან დამოკიდებული, რომ მათ მოუყვანონ პაციენტები. 80 მილიონს რომ დახარჯავ კლინიკაში, ის თანხა როდის უნდა ამოიღო? არ შეიძლება, რომ ერთ კლინიკას ჰქონდეს ძალიან მაღალი ფასები და მეორეს დაბალი. ტრადიციული კერძო კლინიკები არიან, რომლებიც დაარსდნენ 20 წლის წინ, მათ ნორმალური ფასები აქვთ. ერთი თხოვნა მაქვს სამინისტროსთან, რომ ფასები, რომლებსაც დაგვიწესებენ, იყოს რეალური, რათა შევძლოთ სრულფასოვნად და კვალიფიციურად ვაკეთოთ ოპერაციები და ვუმკურნალოთ პაციენტებს. თუ ძალიან დაბალ ფასებს დაადებს სახელმწიფო, მაშინ ოპერაციების ხარისხი ძალიან დაეცემა: კვალიფიციური ქირურგები ქვეყანას დატოვებენ, ახალგაზრდა თაობას აღარ ექნება მოტივაცია და საერთო დონე დაიწევს," - განაცხადა ჯუღელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system