თავში

რა გავლენას ახდენს კლიმატური პირობები თხილის წარმოებაზე

რა გავლენას ახდენს კლიმატური პირობები თხილის წარმოებაზე
რა გავლენას ახდენს კლიმატური პირობები თხილის წარმოებაზე

კლიმატური ცვლილების გამო თხილის მოსავლიანობას დიდი საფრთხე ემუქრება. სხვადასხვა მავნებლის გავრცელების პარალელურად დიდია ეკოლოგიური გავლენის რისკი, რომელიც სწორედ კლიმატური ცვლილებით არის გამოწვეული. სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ,,კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმის" მიხედვით, რომელიც 2017 წელს მომზადდა, მოსავლიანობაზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ნალექების რაოდენობის, ცხელი ქარების სიმძლავრისა და ხანგრძლივობის ზრდა ახდენს. 

,,ცხელი ქარები აზიანებს არა მარტო მიმდინარე წლის მოსავალს, არამედ მისი უარყოფითი ზეგავლენა აისახება მომავალი წლის მოსავლიანობაზეც. გვალვის პერიოდში ნაზარდი სუსტია, ცუდად განვითარებული და ადვილად ზიანდება ზამთრის ყინვებით. ბოლო პერიოდში აღინიშნება ცვლილება ნალექების წლიურ განაწილებაში. ნალექების რაოდენობის ზრდა გაზაფხულზე (თხილის ყვავილობის დროს) ხელს უწყობს თხილის მავნებელ-დაავადებების გავრცელებას, ვინაიდან რთულდება შეწამვლის ჩატარება, რაც საბოლოოდ, იწვევს თხილის მოსავლიანობის შემცირებას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჭარბი ნალექები ხელს უშლის თხილის ბაღებში აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად, ვადებში განხორციელებას, რის გამოც ადგილი აქვს მავნებლების ტკიპას, ხარაბუზას, ცხვირგრძელას გავრცელებს, ასევე იმატა სხვადასხვა დაავადებებმა, როგორიცაა ნაცარი, ყავისფერი და ვარდისფერი სიდამპლე). ჭარბი ნალექები აფერხებს მცენარის განვითარებას, მცენარე კნინდება, ავადდება და ბოლოს ხმება ", - აღნიშნულია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმაში.

კლიმატურ პარამეტრებში ცვლილებები განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს თხილის მცირე ზომის ბაღებზე, სადაც არ ტარდება სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებები, როგორიცაა: მცენარის სხვლა-ფორმირება, დაზიანებული ტოტების შეჭრა-გამოტანა, ამონაყრების შეცვლა, ტკიპით გაბერილი კვირტების გამოკრეფა, ხარაბუზისაგან დაზიანებული ტოტების გამოჭრა,სასუქების შეტანა, შეწამვლა, ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ და სხვა. არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს მოვლილ ბაღებში მოსავლის დანაკარგი მხოლოდ 20-40%-ია, ხოლო არაფორმირებულ ბაღში ძლიერ ცხელ ქარს შეუძლია სრულად გაანადგუროს მოსავალი. 

ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე იყო 2016 წელი, როდესაც კლიმატური პირობების, ასევე ფაროსანას გავრცელების გამო შემცირდა თხილის მოსავლიანობა, ხოლო მიღებული პროდუქცია იყო უხარისხო, მცენარეები დაკნინდა და შეიქმნა მათი გახმობის საშიშროება.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში მეთხილეობის გადასარჩენად მთავრობის მხრიდან აქტიური ღონისძიებები გატარდა და ეს პროცესი გრძელდება. სახელმწიფოს მიერ შექმნილი „თხილის გადარჩენის პროგრამა“ მოიცავს მასშტაბურ საკონსულტაციო სამუშაოებს, ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდას, რათა დროულად გატარდეს საჭირო ღონისძიებები და თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system