თავში

რა გავლენას იქონიებს ორი მეზობლის ომი საქართველოს ეკონომიკაზე

რა გავლენას იქონიებს ორი მეზობლის ომი საქართველოს ეკონომიკაზე
რა გავლენას იქონიებს ორი მეზობლის ომი საქართველოს ეკონომიკაზე

საქართველოს ორი მეზობლის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის ალბათობა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა.

როგორც გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, ომის პირველი შედეგები უკვე სახეზეა უპიველესად ესაა გაზრდილი პოლიტიკური რისკები, რომელიც ამ კონფლიქტმა წარმოშვა. ცუცქირიძის განმარტებით, როცა იზრდება პოლიტიკური რისკები, ეს ყველაზე მაღალი და საშიში რისკია, რომელიც შეიძლება, რეგიონში წარმოიქმნას და რამაც რეგიონის ეკონომიკა წლებით გააჩეროს და უკან დახიოს.

"ფინანსური რისკები ხომ არის დიდი ზეგავლენის მატარებელი ეკონომიკაზე, არანაკლები ზეგავლენის მატარებელია საომარი მოქმედებები იმიტომ, რომ ის ითვლება მაღალი დონის რისკად. ზოგადად, აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენი წამყვანი პარტნიორი ქვეყნები არიან როგორც ექსპორტის, ისევე – იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, როდესაც ვართ გარკვეულ კოოპერაციაში რეგიონის ქვეყნებთან და ამ ქვეყნების ეკონომიკაში დადგება პრობლემები, ბუნებრივია, ეს ჩვენზეც იმოქმედებს. თუ ეს ომი გაგარძელდება, ეს სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს აზერბაიჯანის, სომხეთის ეკონომიკაზე. შედარებით ნაკლებად იმოქმედებს, თუ ეს კონფლიქტი ხანმოკლე იქნება, თუ თვეობით არ გაგრძელდება, თუ ეს კონფლიქტი გადაიზარდა ფართომასშტაბიან შეტაკებებში და მოხდა მისი ინტერნაციონალიზაცია, ეს ყველაზე ცუდი, მაღალრისკიანი სცენარი იქნება. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ასე არ მოხდება, რადგან საერთაშორისო საზოგადოება, მინსკის ჯგუფი აქტიურად განიხილავენ ამ კონფლიქტის შედარებით მშვიდობიან ფაზაში გადაყვანის საკითხს," - ამბობს ექსპერტი და დადებითად აფასებს პრემიერი გახარიას ინიციატივას, რომლითაც ის სომხეთსა და აზერბაიჯანს თბილისში სთავაზობს, მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ცუცქირიძის აზრით, ეს კარგი სიგნალია ინვესტორებისთვის. 

"თუ მართლა თბილისში მოხდა გარკვეული შეთანხმებების მიღწევა, ეს მხოლოდ პოზიტიურად წაადგება ჩვენს ეკონომიკას, ზოგადად, ქვეყნის პრესტიჟს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ცუდი სცენარის ნაწილია ლტოლვილთა ნაკადები, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს.

„ყველაზე ცუდი სცენარის ერთერთი ქვესცენარია ლტოლვილების დიდი ნაკადი, თუ ფართომასშტაბიანი შეტაკებები დაიწყო. მოგვიწევს ამ ადამიანების მიღება, დაბინავება, რაც პირდაპირ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ასე რომ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებს პრობლემა აქვს, ჩვენ ეს არ გვეხება. პირდაპირ გვეხება ყველაფერი. ჩვენც უნდა ვემზადოთ ამ ტიპის მოსალოდნელი სცენარების განვითარებისათვის," - ამბობს ცუცქირიძე და იმედოვნებს, რომ მალე კონფლიქტის დეესკალაცია მოხდება.

"შეფასებები, რომ იქნება ლიბანიზაცია და სირიიზაცია, ცოტა არასერიოზული მგონია. გარკვეულწილად, ჰიბრიდული ომის ნაწილიცაა ასეთი ინფორმაციის ტირაჟირება. ამას სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი აკეთებს. არეულობა წლებით გააჩერებს რეგიონის განვითარებას“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system