თავში

რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე

რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე
რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე

ნამახვანჰესის პროექტი არსებობის რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. როგორც ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა იხსენებს, პროექტი თბილისის ჰიდროპროექტის ხელში დაიბადა საბოლოო სახეც მიეცა, მაგრამ მისი განხორციელება რიგი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ერთ-ერთ ასეთ მიზეზად ენერგეტიკოსი თბილისის ჰიდროპროექტის დახურვას მიიჩნევს, რომელსაც ანზორ ჭითანავა 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა საბოლოოდ კახა ბენდუქიძის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შეეწია.

,,თბილისის ჰიდროპროექტიდან დღეს არაფერია დარჩენილი. ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განვახორციელეთ, მათ შორის, ნამახვენჰესთან დაკავშირებითაც, თამამად შეიძლება თქმა, რომ უმაღლეს დონეზეა შესრულებული. მხედველობაში მაქვს საპროექტო-სამძიებლო სამუშაოები, გამოთვლები, პროგნოზები და ყველა პირობა, რაც პროექტის დასაბუთებისთვის არის აუცილებელი. პროექტმა განიცადა საკმაო ცვლილებები წლების განმავლობაში, ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაციების გათვალისწინებით, რასაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.  ნამახვანი ერთ-ერთი პროექტია, რომელიც საკავშირო საბჭოს მიერ დამტკიცებულია და ყველა დონის ექსპერტიზა აქვს გავლილი საბჭოთა პერიოდში. ბოლოს მოხდა მინისტრთა საბჭოს დავალებით ამ პროექტის განხილვა მოსახლეობასთან ერთად. 30 ექსპერტი მონაწილეობდა  განხილვებში. საბოლოოდ დამტკიცდა სამსაფეხურიანი ობიექტი: წყვიშიჰესი ნამახვანჰესი და ჟონეთიჰესი, საფუძვლიანად იყო შესწავლილი მათი განთავსების და ტექნიკური განხორციელების შედეგად რა ზიანი ადგებოდა გარემოს, მაგრამ იმ პარამეტრების ფარგლებში, რაც ასეთი ნაგებობებისთვის დასაშვები და ასატანია. პირველ რიგში, დაცული იყო მოსახლეობის ინტერესები, სამსაფეხურიანმა ობიექტმა მთლიანად მოხსნა საკითხი წყალდიდობის საფრთხესთან დაკავშირებით მოსალოდნელი შედეგისგან. არსებობდა გარკვეული რისკები, მაგრამ შევძელით მოსახლეობის დაცვა, განსახლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ახალი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტების საფუძველზე", - ამბობს ჭითანავა და დასძენს, რომ დროთა განმავლობაში პროექტი რადიკალურად შეიცვალა და წინა პლანზე წამოიწია პიროვნული ინტერესები, რაც ხშირ შემთხვევაში, არასახელმწიფოებრივია და პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

,,თავის დროზე ნამახვანჰესმა ხალხის მხარდაჭერა მოიპოვა და პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უზრუნველყო. კარგად შესწავლილი პროექტია, ყველა კითხვას გავეცით პასუხი, მათ შორს ჭყვიშის და უსახელოურის ჯიშების ვენახების შენარჩუნებასთან დაკავშირებითაც. ყველა ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო დასაბუთებულად, კვლევების საფუძველზე, მაგრამ ხალხში გავრცელებული ხმების გამო, არაკვალიფიციური მიდგომითაც, მოხდა ის, რომ საზოგადოებაში ჩაინერგა ნეგატიური აზრი. ათასნაირმა ინტერესმა იჩინა თავი, არც ერთი არ იყო გამართლებული, პიროვნული დაინტერესების საფუძველზე აღმოცენებული გადაწყვეტილებები და ეს ობიექტები ხან ვის ჩაუგდეს ხელში დასამუშავებლად, ხან - ვის, ბოლოს იტალიელების ხელში აღმოჩნდა და ისე გადაამუშავეს, რომ ძველი პროექტიდან არაფერი დარჩა. ადგილმდებარეობა, კაშხლების ტიპები ისე შეცვლეს და დაიწყეს იმ უბნებში განხორციელება, სადაც მეწყერული პროცესების საშიში განვითარებაა მოსალოდნელი. ამით მიიღეს შემცირებული პარამეტრის ობიექტები 2-ჯერ გაზრდილი ღირებულებით. ნამახვანჰესი - ეს არის პროექტი, რომელიც აუცილებლად სჭირდება ქვეყანას ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისთვის და კითხვის ნიშნის ქვეშ მისი დაყენება გაუმართებელია. პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას და არა ინვესტორების ინტერესებს,  რომლებმაც იგი საქართველოსა და მისი მოსახლეობის საზიანოდ შემოაბრუნეს", - ასეთია ენერგეტიკოს ანზორ ჭითანავას პოზიცია ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით.  

ცნობისთვის, დღესდღეობით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია "ნამახვანჰესის" მშენებლობის შედეგად ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიში“-სთვის შექმნილ შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი „მარანი ხეცურიანის“ დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი ხედავს საფრთხეს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობით კლიმატის შესაძლო ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს "ტვიშის" მოსავლიანობას და მის ექსკლუზიურობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system