თავში

რა იყო 2020 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა საქართველოსთვის

რა იყო 2020 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა საქართველოსთვის
რა იყო 2020 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა საქართველოსთვის

სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზის - ტრანს ადრიატიკული გაზსადენის დასრულებას და ბუნებრივი აირის გატარების მომსახურებაში საქართველოს ჩართვას, 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენად აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. მისი შეფასებით, ამით საქართველოს საგარეო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა, რაც დიდი სარგებლის მომტანია ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური უსაფრთხოების მხრივაც და საქართველოს იმიჯზე დიდ პოზიტიურ გავლენას ახდენს.

,,2020 წელს საგარეო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გარღვევა იყო, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთისა და ევროპის მიმართულებით,  ბუნებრივი აირი დაიძრა. ჩვენს ქვეყანას ეს ეთვლება საერთაშორისო მომსახურებაში, საიდანაც მიღებული შემოსავლები ემსახურება სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, 1 მლრდ კუბ/მ-ზე მეტი დარჩება საქართველოს ამ გაზის გატარებით, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში ეს მყარი რგოლის ფუნქციის  შეძენის ტოლფასია. მარტო საქონლის ფიზიკური რაოდენობის გატანაზე არ არის საუბარი, ჩვენი მომსახურებაც საექსპორტო დანიშნულებისაა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი, წინგადადგმული  მოვლენის მომსწრე გავხდით საახალწლო დღეებში", - აცხადებს სოსო არჩვაძე report.ge-თან.

ეკონომიკურ ურთიერთობებში წინსვლის გარანტად ის ასევე მიიჩნევს ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ახალ შესაძლებლობებს საგარეო ვაჭრობაშია.

,,ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა იზრდება, გასულ წელს ეს აშკარად შესამჩნევი იყო და ვისურვებდი, რომ ეს ტენდენცია 2021 წელსაც შენარჩუნდეს. გარდა ამისა, ჩინეთი უარს არ ამბობს მსოფლიო ჰაბის ფუნქციის შესრულებ აზე, დროებითი ლოკდაუნი, რომელიც covid-19-ის დასრულების გამო მიიღო, ფაქტობრივად დასრულებულია და აღნიშნული ჭიდილიდან უფრო გაძლიერებული გამოვიდა. ჩინეთი აქცენტს აკეთებს უფრო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე და შედარებით ნაკლებად - დაბალი ღირებულების ნედლეულის და ნარჩენების გადამუშავებაზე უარს ამბობს. ამ მიმართულებით არსებითი ცვლილების შეტანა მსოფლიოს სავაჭრო ურთიერთობების ჯაჭვში 2021 წელს მოსალოდნელი არ არის. მნიშვნელოვანია, ამერიკის ადმინისტრაციის ჩამოყალიბება რა ვითარებაში მოხდება. პრინციპში, იმაზე უარესად არ იქნება მდგომარეობა, როგორც ამ ეტაპზეა, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ჩინეთსა და აშშ-ს ეკონომიკური კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება და მსოფლიო სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ცხადია, საქართველოზეც, დადებითად აისახება", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება წლის მნიშვნელოვან მოვლენას, შეგახსენებთ, რომ შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მიწოდების მარშრუტების განვითარებას რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის.

რაც შეეხება ამ პროექტის ეკონომიკურ სარგებელს ჩვენი ქვეყნისთვის, ცნობ ილია, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system