თავში

რა იწვევს აგრარული პროექტების მიმართ კრიტიკას

​რა იწვევს აგრარული პროექტების მიმართ კრიტიკას
რა იწვევს აგრარული პროექტების მიმართ კრიტიკას

მთავრობის მხრიდან აგრარული სექტორის მხარდამჭერი ღონისძიებების გააქტიურების მიუხედავად, ფერმერების მხრიდან პროექტებში ჩართულობა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მაინც დაბალ დონეზეა. სპეციალისტების ნაწილი მთავრობას მიდგომას უწუნებს და ამბობს, რომ აგრარული სექტორი სწორი გზით ვერ ვითარდება. ნაწილი კი მთავარ პრობლემად კომუნიკაციის დეფიციტს მიიჩნევს.

ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ამბობს, რომ არა სწორია ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული.

,,ეკონომიკის რომელიმე სექტორის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ყოველთვის წამგებიანია. მსოფლიო კოსმოსური ეკონომიკის განვითარებას ცდილობს და ჩვენ წლების განმავლობაში ერთ ადგილზე ვტკეპნით მიწას და ქარის წისქვილებით ვაპირებთ ეკონომიკის განვითარებას. ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება თბილისიდან იმართება, საშაულო დონის მენეჯერების პროგრამებზე დაყრდნობით და ამ დროს ფერმერების 60%-მა რეალურად არ იცის, როგორ ისარგებლოს სოფლის მეურნეობის მიერ გამოყოფილი გრანტებით. პროექტები ვერ აღწევს ადრესატამდე და იკარგება. ელემენტარულად სოფელში ხალხი ლაპარაკობს, რომ მოცვი დარგონ, რომელიც სადღაც 16 ევრო ღირს, მაგრამ როგორ უნდა მოხვდეს ასეთ ბაზარზე ქართველი ფერმერი, მით უმეტეს, როცა სამაცივრე ტექნოლოგიები არ არის, სანამ ინფრასტრუქტურა არ განვითარდება, პრობლემა მუდმივად გვექნება და რეალურად ვერაფერს განვავითარებთ“, - ამბობს კუკულაძე report.ge-თან.

ის, რომ აგრარული პროექტების მიმართ ინტერესი დაბალია, სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძეც ადასტურებს. მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაციის პრობლემა აშკარაა, მაგრამ ფერმერები ხშირად ნაკლებ ინტერესს იჩენენ და ესეც პროექტების წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

,,ხშირ შემთხვევაში, პროექტები ისეთი ხელსაყრელია, რომ მფერმერებს შეუძლიათ დიდი ფინანსური სარგებლის მიღება. აჭარის რეგიონში, მაგალითად, პირდაპირ მინისტრი დადიოდა და ურჩევდა ხალხს, პროგრამებში მონაწილეობა მიეღოთ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისე დასრულდა, რომ სოფლიდან ერთ გლეხსაც არ მიუღია მონაწილეობა. მთავრობა დააფინანსებს თუ საერთაშოისო დონორი, პროგრამა საჭიროებს გარკვეულ წინაპირობას, მაგალითად, მიწის რეგისტრაციის ან კაპიტალის პირობა, რადგან არის ფაქტები, როცა გლეხს ფორმალური მხარეების მოგვარების სურვილი ან შესაძლებლობა არ აქვს. მუნიციპელიატეტების პირდაპირი მოვალეობაა, რომ ფერმერებთან მიიტანოს ინფორმაცია, ცხელი ხაზები მუშაობენ, ბუკლეტებიც ვრცელდება, მაგრამ არასაკმარისია. გამპოდის, რომ ფერმერები ვერ სარგებლობენ იმ სიკეთით, რაც სახელმწიფოსგან შეიძლება მიიღონ“, - ამბობს აროშიძე.

კოოპერატივების მხარდაჭერა, ერთწლიანი კულტურების განვითარება, მიწების რეგისტრაცია, მელიორაცია და საბანკო შეღავათები- ეს ის სფეროებია, რომელსაც აროშიძე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვან კომპონენტებად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ამით ბიძგი მიეცემა აგრარული სექტორის განვითარებას, რაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system