თავში

რა იცვლება დღგ-ს გადასახადში

რა იცვლება დღგ-ს გადასახადში
რა იცვლება დღგ-ს გადასახადში

მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში, მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში შესატანილი ცვლილებების განხილვა დაიწყება, რომელიც ძირითადად დამატებული ღირებულების გადასახადს შეეხება.

"საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები იქნება, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, დღგ-ის მიმართულებას. მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ დაახლოებით, მარტში შემოვა კანონპროექტი და ეს იქნება მნიშვნელოვანი პაკეტი, საკმაოდ კომპლექსური, როგორც გადახდის გამარტივების კუთხით, ასევე - საკმაოდ ინვენტარიზებული დახასიათება იქნება დღგ-ის თვალსაზრისით", - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტი მოამზადა (ევროკავშირის დღგ-ის დირექტივას 2006/112/EC).

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, კანონის პროექტით ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას: მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის. შემუშავდება შიდა პროცედურები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით. უწყების განმარტებით, მომსახურების გაწევის ადგილის ევროპული პრაქტიკის დანერგვა და საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეღავათების სპექტრის გაზრდა, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს. მათივე თქმით, ქართული და ევროპული დღგ-ის შესაბამისობა, ევროკავშირში დაფუძნებული ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბიზნეს ხარჯებზე დღგ-ის დაბრუნების წესის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს. შენარჩუნებულია ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს, რის გამოც, ფიანანსთა სამინისტროს თქმით, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

ცნობისთვის, დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი) არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას), თუმცა ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც იწოდება დღგ-ის გადამხდელად.

პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება თუ:
რეგისტრირებულია, ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად

პირი რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე დღგ-ის გადამხდელად ითვლება თუ:

  • ახორციელებს საქონლის იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე.
  • სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ახორციელებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას მხოლოდ ამ ოპერაციაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას.
  • მისი საქონლის რეალიზაცია ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე.
  • მისი სამეურვეო ქონების რეალიზაცია ხდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე.

არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების გარეშე, ითვლება დღგ-ის გადამხდელად მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system