თავში

რა იზიდავთ ტურისტებს აფხაზეთში

რა იზიდავთ ტურისტებს აფხაზეთში
რა იზიდავთ ტურისტებს აფხაზეთში

სპეციალისტები წელს აფხაზეთში ტურისტუილი სეზონის გააქტიურებას ელოდებიან. ამის მიზეზი, როგორც აფხაზეთის ექსპერტთა წრის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი განმარტავს, თურქეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვაა, რის ალტერნატივაც რუსი ტურისტებისთვის, სავარაუდოდ, აფხაზეთი და ყირიმია. განსაკუთრებით აფხაზეთი, რადგან, როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის იქაურობა საინტერესო ადგილია ველური ბუნებით, რითაც წლების განმავლობაში მეტნაკლებად იზიდავს აფხაზეთი დამსვენებლებს. 

,,ვერ ვიტყვი, რომ აფხაზეთში ტურიზმი გააქტიურდება, მაგრამ წელს მეტი შანსი აქვთ, რომ შექმნილი სიტუაციით ისარგებლონ და მოიზიდონ რუსი დამსვენებლები. იმის გათვალისწინებით, რომ რუსებმა ფრენები აკრძალეს თურქეთის  მიმართულებით, რაც ყველაზე აქტიური იყო ტურისტებისთვის, მთელი დაწოლა წავა ყირიმსა და აფხაზეთზე. ვისაც ფული აქვს ევროპაშიც მოახერხებს გამგზავრებას, მაგრამ დიდი ნაწილი აფხაზეთს მიაშურებს. ეპიდემიისგან გამომდინარე, წინასწარ თქმა ძნელია, ალბათ რეგულაციები გარკვეულ ნეგატიურ გავლენას მოახდენს, მაგრამ სეზონის ჩავარდნას არ ვვარაუდობ. მით უმეტეს, აფხაზეთშიც უკვე დაიწყეს აცრა. კრიმინოგენური სიტუაციაც არ არის ისეთი მძიმე, როგორიც წინა წლებში იყო. როცა კრიმინალი რომ ყვაოდა, მაშინაც ჩადიოდნენ იქ რუსები, ახლა არაფერი შეუშლის ხელს. ექსტრემალური ადგილები ვისაც იზიდავს, ამ მხრივ ეს ტერიტორიები საინტერესოა. ბევრს იზიდავს მიტოვებული და განადგურები ადგილების ნახვა, ველური ბუნება, როგორიც სოხუმში, გაგრასა და ოჩამჩირეშია. ამ მხრივ გალი ნაკლებად საინტერესოა", - ამბობს report.ge-თან ირაკლი ცქიტიშვილი.

ტურისტების გააქტიურებას ელოდებიან  სოხუმში მცხოვრები ქართველებიც, რომელთა ინფორმაციით, გარკვეული სამზადისი დაწყებულია და რეგიონი ახალი სეზონისთვის უკვე იჭერენ თადარიგს.

,,ხალხმა სახლების გარემონტება მოასწრო, ცდილობენ, რომ დამსვენებლებს უმასპინძლონ და ელემენტარული პირობები შეუქმნან. რამდენიმე მცირე სასტუმროც მუშაობს, შეკვეთებს უკვე იღებენ. რამდენადაც ვიცი, რუსული ტურისტული კომპანიებიც გააქტიურდნენ. ვისაც ველური ბუნება იზიდავს, ამ მხრივ ბევრი სანახაობაა. არავის გვიზღუდავენ სტუმრების მიღებას, მთავარია, მომსახურების გაწევა შევძლოთ", - ამბობს სოხუმში მცხოვრები რაულ ბაგათელია, რომელსაც report.ge სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა. 

შეგახსენებთ, რომ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოიკვლია ტურისტული სეზონისთვის სამზადისი ოკუპირებულ აფხაზეთში და მისი გავლენა გალის რეგიონზე. ორგანიზაციის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის ტურიზმი საკუთარი, არადოტაციური შემოსავლების დიდ წილს შეადგენს. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ პირველად 1992-1993 წლების ომის შემდეგ, აფხაზეთს მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system