თავში

რა ჯდება მზის პანელის მონტაჟი

რა ჯდება მზის პანელის მონტაჟი
რა ჯდება მზის პანელის მონტაჟი

სპეციალისტების გათვლით, ოჯახს ხუთკილოვატიანი სადგურისთვის, მზის პანელის მოწყობა დაახლოებით 5 000 ევრო უჯდება. როგორც საინჟინრო ფიზიკის დარგში დოქტორი, ,,მზის სახლის" დირექტორი კონსტანტინე კობახიძე report.ge-თან განმარტავს, ეს არის ევროპული, მაღალი სტანდარტის მზის პანელი, რომელიც ყველაზე ძვირი ღირს. მისი თქმით, არის ასევე ტექნოლოგია, რომლის ფასი 4000-4500 დოლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ხარისხით ევროპულს ბევრად ჩამოუვარდება.

,,მზის პანელების მიმართ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. თუკი ადრე ერთეული შემთხვევები იყო, ახლა უკვე მეტი ადამიანი ცდილობს მზის პანელების მონტაჟს, ამას მთავრობის ენერგოპოლიტიკაც უწყობს ხელს. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითაც რამდენიმე პროექტი განხორციელდა, ინტერესი მუდმივად მატულობს. რაც შეეხება ფასს, განისაზღვრება სიმძლავრის მიხედვით, საშუალოდ 5-კილოვატიანი სიმძლავრის ევროპული მზის პანელის ხარჯი 5 000 ევროა.  20 ცალი 250-ვატიანი მზის პანელი და, შესაბამისად, 5-კილოვატიანი ინვერტორი, წელიწადში მომხმარებელს 6000-დან 6500-მდე კილოვატ ენერგიას მიაწვდის. საქართველოს მზის ქვეყანაა , აქ 1 კვ/მ ფართზე დღიურად 4 კვტ/სთ ენერგია მოდის, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. ეს ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლებელია არ გამოვიყენოთ", - ამბობს კობახიძე report.ge-თან.

ენერგეტიკოს გია არაბიძის ინფორმაციით, მზის პანელების მონტაში განსაკუთრებით აუცილებელია იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგიის ქსელი ძნელად განხორციელებადია ან დიდ დანახარჯს უკავშირდება. 

,,საქართველოში რამდენიმე სოფელია, სადაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვერ ხერხდება ელექტროენერგიის შეყვანა. ამ მხრივ მზის პანელებს ალტერნატივა არ აქვს. ქსელის შეყვანა იმ სოფელში, სადაც ცოტა კომლი ცხოვრობს, გაცილებით ძვირია, ხოლო მზის პანელების საშუალებით  ხარჯის შემცირება შეგვიძლია. როცა სხვა საშუალება არ არის, მზის პანელების მონტაჟი რიგი სოფლებისთვის საუკეთესო გამოსავალია. ეს არის დაახლოების 2-3 კვტ/სთ ელექტროენერგიის მიწოდება ოჯახისთვის. ცხადია, როდესაც სოფელში ქსელი არ არსებობს და ინფრასტრუქტურა თავიდან გასამართია, მზის პანელები უნდა მოეწყოს", - განმარტავს ენერგეტიკოსი. 

ცნობისთვის, საქართველოს მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური ივნისში ექნება. კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ 440 კვტ სიმძლავრის სადგურს პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების საწარმოს „ალფა-პეტის“ სახურავზე განათავსებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ერთი მხრივ, ენერგოდეფიციტის, მეორე მხრივ კი გაძვირებული ელექტროენერგიის პირობებში, ინტერესი ალტერნატიული წყაროების, მათ შორის, მზის ენერგიის მიმართ, წლიდან წლამდე მზარდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system