თავში

რა ჯდება შემნახველი საწარმოების ინვესტირება

რა ჯდება შემნახველი საწარმოების ინვესტირება
რა ჯდება შემნახველი საწარმოების ინვესტირება

ფერმერების განცხადებით, მოსავლიანობის ზრდა აგროსექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რაც შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების განვითარების პარალელურად უნდა ხდებოდეს, რის დეფიციტსაც დარგი ჯერჯერობით განიცდის, თუმცა სოფლის მეურნეობის მიმდინარე  პროექტები ამ მხრივ პოზიტიურ მოლოდინს აჩენს. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერი, თორნიკე კაპანაძე აცხადებს,   ამ ეტაპზე გრძელდება განაცხადების მიღება შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტში, რომელიც ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გამოცხადდა. ინვესტირების საერთო ღირებულება, კაპანაძის თქმით, 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

მისივე თქმით, სულ ახლახან დასრულდა განაცხადების მიღება გადამამუშავებელი საწარმოების მიმართულებით, რაშიც ფერმერების მხრიდან დიდი ინტერესია.

,,საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება ეს პროექტი, მაგრამ უფრო მაღალი აქტივობა კახეთსა და შიდა ქართლშია. დღესდღეობით 50 განაცხადია შემოსული, თითოეული პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ ჯამში 50 მილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ცხადია, თუკი განაცხადები იქნება წარმოდგენილი პროექტის პრიორიტეტის შესაბამისად, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. აღსანიშნავია, რომ საუბარია ტიპის შემნახველ საწარმოეზე, როგორიცაა სამაცივრე მეურნეობა, მშრალი და მარცვლეულის შემნახველი საწყობები. მათ შორის კარტოფილის შენახვის მიმართულებით, რომელიც ერთ-ერთი პრობლემაა, რაზეც ფერმერები ბოლო პერიოდის განმავლობაში ითხოვდნენ“, - ამბობს თორნიკე კაპანაძე report.ge-თან.

ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერი ლევან ექოზაშვილი report.ge-თან აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია რეგიონის მოსახლეობასთან და მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერა, რათა იაფ ფულთან წვდომა გაუმარტივდეთ.

ექოზაშვილი , როგორც თავად ამბობს, შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტში ჩართული ბენეფიციარია. მისი თქმით, მოსავლის შენახვის პრობლემა მუნიციპალიტეტში მეტნაკლებად მოგვარდა, თუმცა არის საკითხები რასაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო დონის ფერმერები აწყდებიან, განსაკუთრებით, კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

,,კრიზისის აგროსფეროს ყველაზე ნაკლებად შეეხო, თანამშრომლები არ შეგვიმცირებია, მაგრამ ამის საშუალება ყველას არ აქვს. საკმაოდ მასშტაბურ პროექტში მივიღე მონაწილეობა და მიმაჩნია, რომ მოსავლიანობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, მაგრამ მთავარია, მცირე ბიზნესი დაფინანსდეს. მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი, ბევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მცირე და საშუალო ფერმერებს მეტი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაუმარტივდეთ. ბევრგან ინფორმაციის დეფიციტია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადრესატამდე სწორად მივიდეს ინფორმაცია. სხვა მხრივ, არაფერი გვიშლის ხელს, რომ მოსავლიანობა გაიზარდოს და მეტმა ადამიანმა მიიღო სარგებელი", - ამბობს ექოზაშვილი.

ცნობისთვის, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 20 აპრილის 10 საათიდან, 4 მაისის 24 საათამდე, ხოლო შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 13 მაისის 10 საათიდან, 28 მაისის 24 საათამდე ელექტრონული ფორმით (ვებ გვერდის rda.gov.ge მეშვეობით). 

შეგახსენებთ, რომ ფერმერები დიდ პრობლემად მიიჩნევენ  მოსავლის დაბინავებას, რის გამოც, მათი თქმით, წლიდან წლამდე მოსავალი ულპებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system