თავში

რა კავშირშია აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი რეგიონის ენერგოუსაფრთხოებასთან

რა კავშირშია აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი რეგიონის
რა კავშირშია აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი რეგიონის ენერგოუსაფრთხოებასთან

კონფლიქტოლოგები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და ფინანსისტები დარწმუნებული არიან, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი რეგიონს ძვირი დაუჯდება. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

ორ ქვეყანას შორის 12 ივლისს დაწყებული კონფლიქტის შეფასებისას სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ თურქეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებამ რეგიონში პოლიტიკური ურთიერთობები გადააწყო. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ რეგიონში თურქეთის ფაქტორის ზრდაზე და მისი პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, რაც, რეგიონის ეკონომიკურ ურთიერთობასაც შეცვლის.

საქმე ისაა, რომ 2020 წლის გაზაფხულიდან თურქეთისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი არა რუსეთი, არამედ უკვე აზერბაიჯანია (იგი უზრუნველყოფს თურქეთის ბაზრის მოთხოვნის 23,5%-ს). ჯერ კიდევ 2019 წელს ყველაზე დიდი მიმწოდებელი 33%-ით რუსეთი იყო, რაც მიმდინარე წელს 9,9%-მდე შემცირდა. 

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ფიქრობს, რომ  შემთხვევითი სულაც არაა და სწორედ ენერგოუსაფრთხოებასთანაა კავშირში ის, რომ  სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება დაიწყო არა სამხედრო თვალსაზრისით უფრო „ცხელ“ ყარაბაღში, არამედ თოვუზის რაიონის მიმდებარედ, სადაც ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს გადის სწორედ ის გაზსადენი (ისევე როგორც, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა), რომლითაც თურქეთი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მარაგდება.

"ანკარაში ჩათვალეს, რომ არ შეიძლებოდა ეს შემთხვევითობა ყოფილიყო. ამიტომაც სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობაზე თურქეთის რეაქცია საკმაოდ მკაცრი იყო როგორც სომხეთის, ისე რუსეთის მიმართ. ოფიციალური ანკარა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაააქტიურებულია საგარეო პოლიტიკის (და მათ შორის, კავკასიის) მიმართულებით. ეს აქტიურობა არ ნიშნავს მისი პოზიციების ცვლილებას. პირიქით, იგი უფრო მკვეთრად სვამს და მომავალშიც დასვამს აქცენტებს იმ თემებზე, რომლებიც შედის მის ეროვნულ ინტერესებში. ამ კონტექსტში თურქეთი კიდევ უფრო აქტიური იქნება კავკასიაში, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანის (და შესაბამისად, საქართველოს) ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში. თურქეთი, სავარაუდოდ, გააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობას (ეს შეიძლება იყოს დამატებითი დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე სადაზვერვო სახის ინფორმაციის მიწოდება, ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდა, სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების სფეროებში დახმარების გაზრდა და ა.შ.) აზერბაიჯანთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანკარა მზადაა სომხეთთან და მის უკან მდგარ რუსეთთან პირდაპირი სახის სამხედრო კონფრონტაციის დასაწყებად კავკასიის რეგიონში. სომხეთის „კუხოში“ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრობა, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა და თურქეთ-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე მდგარი რუსი მესაზღვრეები შეკავების მნიშვნელოვან ფაქტორებად რჩება ანკარისთვის. ამის მიუხედავად, ანკარას კავკასიის რეგიონში შეუძლია სხვადასხვა (მათ შორის, სამხედრო სახის) სიურპრიზი შესთავაზოს როგორც ერევანს, ისე მოსკოვს. ანკარას რეგიონში სჭირდება მოკავშირეები. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანკარის მიერ 2020 წლის იანვარში გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც თურქეთმა კიდევ ერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც უნდა ველოდოთ მის გააქტიურებას," - ამბობს ბატიაშვილი.

ცნობისთვის, TANAP-ი, რომ რუსეთის ინტერესში არ არის, ამას ადასტურებს "საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ პრეზიდენტი ვეფხია გიორგაძეც. ეკონომიკის ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კომფლიქტის განახლების მთავარი აქტორი რუსეთია, რადგან მას აწყობს დაანახოს ევროპას, თუ როგორი არასტაბილური რეგიონიდან აპირებს გაზის მიღებას. გიორგაძე ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ამაში ჩაითრიოს საქართველოც და შეაფერხოს, დააკნინოს, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფანის მნიშვნელობა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის შეარაღებულ დაპირისპირებაში აზერბაიჯანს დახმარება ღიად გამოუცხადა თურქეთმა. რუსეთს ოფიციალურად არცერთი ქვეყნის მხარე არ დაუჭერია და ვლადიმერ პუტინმა ორივე ქვეყანას "ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ" მოუწოდა, რაც, რა თქმა ინდა, ორივე ქვეყანას მის სასარგებლოდ ესმის, თუმცა რუსეთი სომხეთს აქტიურად ამარაგებს იარაღით. ამაზე აზერბაიჯანული პრესაც წერს. შესაბამისად, სპეციალისტების განმარტებით, ეს კონფლიქტი "არევს" მთლიანად რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკურ დღის წესრიგს, რადგან სცდება მხოლოდ 2 ქვეყნის დაპირისპირებას.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დღეისათვის შედარებით სიმშვიდე შეინიშნება, თუმცა ზოგადი ვითარება კვლავ დაძაბულია.

ცნობისთვის, 2015 წელს ყარსში ტრანსანატოლიური გაზსადენის პრეზენტაციაზე საფუძველი ჩაეყარა სამი ქვეყნის სტრატეგიულ გაზსადენის პროექტს და საქართველო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდა. საქმე ეხება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ევროპისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. ეს არის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანულს გაზს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპამდე მიიყვანს. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე TANAP-ი უკავშირდება ტრანს-ადრიატიკულ მილსადენს (TAP), რომელიც გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებს. პროექტის ღირებულება 11 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული.

TANAP– ის კონსორციუმის გენერალური დირექტორის სალტუკ დუზიოლის თქმით, კომერციული ოპერაციების დაწყების შემდეგ შეფერხებები არ დაფიქსირებულა.

2020 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, მილსადენ TANAP-ის საშუალებით, თურქეთში 3,5 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტი განხორციელდა, რაც 23,6%-ით მეტია ვიდრე წინა წელს.

Tanap-ის მილსადენის ჩაშვებიდან, დღემდე თურქეთში 5,1 მილიარდი კუბური მეტრი აირი ტრანსპორტირდა. თურქეთში "შახდენიზის" აირის ტრანსპორტირება ხორციელდება. პირველად კი აღნიშნული მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) აირის ტრანსპორტირება 2007 წელს დაიწყო. თურქეთის მიმართულებით კომერციული აირის გადინება TANAP-ის მეშვებით, 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.

ცნობისთვის, წინასწარი პროგნოზით, "ტანაპის" ამოქმედებით, 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან (300 მილიონი კუბური მეტრი) შედარებით გაოთხმაგდება, მათ შორის TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს. 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); 2030 წელს TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანაა დაგეგმილი, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე - 1.4-ჯერ მეტს.

შეგახსენებთ, დღეისათვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system