თავში

რა კეთდება ლარის კურსის გასამყარებლად

რა კეთდება ლარის კურსის გასამყარებლად
რა კეთდება ლარის კურსის გასამყარებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, უმთავრესი, რასაც ლარის კურსის გამყარების მიმართულებით საშუალოვადიან პერსპექტივაში მთავრობა აკეთებს, ესაა ქართული ექსპორტის ზრდა. 

"სწორედ ექსპორტი არის მთავარი წყარო, რომელიც არა მხოლოდ ლარის კურსს გაამყარებს, არამედ ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არის ისეთი საკითხი, რომელზეც კომპლექსური მუშაობაა აუცილებელი, ვინაიდან ეს საკითხი მასშტაბურია და თანაბრად აწუხებს ბიზნესსაც და მოქალაქებსაც.

"თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო საგადამხდელო ბალანსი და საგარეო სავაჭრო სალდო. ქართული წარმოების ექსპორტი 2020 წელს არ შემცირებულა და მეტიც, 3,5%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მთლიანობაში ექსპორტი, რეექსპორტის ჩათვლით, უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე იმპორტი, რაც საგადამხდელო ბალანსს აუმჯობესებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ყველა უწყება მუშაობს ამ მიმართულებით. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული განაკვეთი გაამკაცრა და ეს არის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია იმისა, რომ ლარის გაუფასურების ნაკლები რისკი გვქონდეს. მთავარი, რასაც ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერსპექტივაში ვაკეთებთ, ეს არის ქართული ექსპორტის ზრდა. სწორედ ექსპორტი არის მთავარი წყარო, რომელიც არა მხოლოდ ლარის კურსს გაამყარებს, არამედ ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თურნავამ.

ანალიტიკოსები ვარაუდეობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება. 

ამჟამად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, 1 ამერიკული დოლარი 3.3252 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.9620 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9660 ლარი ღირდა. საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე. ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3260 ლარად ივაჭრება. 

ეროვნული ბანკი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას.

ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავდა, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს, როგორც მცირე და ღია ეკონომიკას, სურს აქტიური მონეტარული პოლიტიკა და ამისთვის ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, ქვეყანაში კაპიტალის თავისუფალი მობილობისთვის კი მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციების უმთავრესი მიზანი, როგორც წესი, ლარის კურსის დასტაბილურებაა. სპეციალისტების განმარტებით, ლარს პრობლემას უქმნის ქვეყანაში დოლარის შემოდინების კლება. დოლარი კი ძირითადად შემოდის ექსპორტით, ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით და ფულადი გზვნილებით. წლების მანძილზე საქართველოს მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო. ტურიზმი კი პანდემიის შედეგად წელს ზარალზეა. უმნიშვნელო მატებაა ექსპორტის და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებში, რაც ტურიზმის კლებას ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლავ მაღალია უარყოფითიო სავაჭრო ბალანსი, ანუ მეტ იმპორტს ვყიდულობთ (გადის დოლარი ქვეყნიდან), ვიდრე ექსპორტს ვყიდით (შემოდის დოლარი ქვეყანაში), თითქმის ნულს უტოლდება პირდაპირი უცხოური ინვეტიციები, რაც ჯამში ლარზე დაწოლას აძლიერებს. ქვეყანაში ჩნდება ჭარბი ლარი, დეფიციტურია დოლარი, რაც საბოლოოდ ლარს აუფასურებს.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი მხოლოდ ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

1 ოქტომბრიდან ეროვნული ბანკი ლარის კურსს ახლებურად ადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების ჩართვაც, რაც, სებ-ის განმარტებით, საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო რესურსებთან. სებ-ის მტკიცებით, ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს, კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს, თუმცა სპეციალისტებს ამ პლატფორმის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system