თავში

რა ხარვეზებია სახელმწიფო აგროდაზღვევაში

რა ხარვეზებია სახელმწიფო აგროდაზღვევაში
რა ხარვეზებია სახელმწიფო აგროდაზღვევაში

სოფლის მეურნეობა ამინდისა და სტიქიური მოვლენების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სექტორია. შესაბამისად, არასასურველი ამინდი და სხვადასხვა კლიმატური მოვლენა აზარალებს მეურნეობას და ამცირებს მის მიერ მისაღებ შემოსავალს. 

სწორედ ამიტომ, აგრარულ ბიზნესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკების დაზღვევას.

"საქართველოში, სუბსიდირების მექანიზმის არსებობის მიუხედავად, აგრარული სექტორის დასაზღვევად ქვეყანაში არსებული შეთავაზებები შეზღუდული სპექტრისაა," -  ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიერ ჩატარებულ კვლევაში "აგრარული მეურნეობა - გამოწვევები და შესაძლებლობები".

კვლევის მიხედვით, საქართველო მცირე მასშტაბის ქვეყანაა, სასოფლო კულტურების ფართო სპექტრით და განსხვავებული კლიმატური ზონებით. თითოეული რეგიონი, ზონა თუ კულტურა სპეციფიური რისკით ხასიათდება. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ გასულ წლებში განიხილებოდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნერგის დაზღვევის დამატება, თუმცა ეს ცვლილება ჯერჯერობით არ განხორციელებულა. ამჟამად არსებული პროგრამა მხოლოდ მოსავლის დაზღვევას ითვალისწინებს, რაც სისტემის გარეთ ტოვებს მათ, ვინც მრავალწლოვან კულტურებს აშენებს და პირველ მოსავალს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებს.

"აგროსექტორის განვითარებისთვის კი აუცილებელი პირობაა მეწარმეთათვის ზემოაღნიშნული კლიმატური თუ სხვა რისკის დაზღვევის შესაძლებლობის არსებობა. საქართველოში, ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. დღესდღეობით არსებული სისტემა ეფუძნება ცალკეული რისკების დაზღვევას _ სეტყვის, ქარიშხლის, წყალდიდობის და ა.შ. კონკრეტული კულტურების მწარმოებლებისათვის ეს სისტემა მოსახერხებელია. მაგ.: მანდარინის და ყურძნისთვის (საშემოდგომო ყინვებისაგან დაზღვევა). თუმცა, შეთავაზებები ვერ ერგება ბევრი მეურნეობის საჭიროებას. ცალკეული რეგიონების და კლიმატური ზონების სპეციფიკის გათვალისწინებით შექმნილი სადაზღვეო პროდუქტის შექმნის პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია ნერგის დაზღვევა.  დაზღვევის ზემოაღნიშნული შეზღუდვების ფონზე, მეურნეობებს არ აქვთ საკმარისი მოტივაცია სადაზღვეო პროდუქტის შესაძენად. დაზღვევის ბენეფიციართა მცირე რაოდენობის ფონზე კი იზრდება არასასურველი სელექციის რისკი. ანუ, იზრდება შანსი, რომ სადაზღვეო მომსახურებით სარგებლობს მხოლოდ მაღალი რისკის მქონე მეურნეობები, რაც ზრდის სადაზღვეო კომპანიის პორტფელის რისკს. შედეგად, კერძო სადაზღვეო კომპანიებისათვის არამიმზიდველი და არარენტაბელური ხდება აგრარული დაზღვევა," - აღნიშნულია კვლევაში.

BAG-ის აგროსპეციალისტების რეკომენდაციით, კლიმატური ზონების თუ რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინება სასარგებლო იქნება როგორც სადაზღვეო კომანიების, ასევე მეურნეობებისათვისაც. 

"მოქნილი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მეტად მორგებული სადაზღვეო პროდუქტის არსებობა აუცილებლად აისახება დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობაზე, რაც, გადაჭრის არახელსაყრელი სელექციის პრობლემას. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რისკის პრემიის კორექტირება და დივერსიფიცირებული პორტფელი კი სოფლის მეურნეობის დასაზღვევად უფრო დახვეწილი პროდუქტის შეთავაზების წინაპირობა გახდება," - ვკითხულობთ კვლევაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაზღვეულია 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობიაგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 20,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 159 მლნ ლარს აღემატება.

 ციფრების ზრდის მიუხედავად, აგროსპეციალისტები თვლიან, რომ აგროდაზღვევა საქართველოში კვლავ დაბალ დონეზეა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მის ნაკლოვანებებსაც აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება. მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში აგროდაზღვევის ერთი წარმატებული და განსაკუთრებული მოდელი არ არსებობს.

შეგახსენებთ, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე, პროგრამის მიმდინარეობის 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system