თავში

რა ხდება და რა იგეგმება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე

რა ხდება და რა იგეგმება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე
რა ხდება და რა იგეგმება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე

ტელეკომ ბაზრის ლიბერალიზაცია გარდაუვალია პროცესია და ეს სჭირდება როგორც სფეროს განვითარებას ისე მომხმარებლებს.ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა.

მისივე განმარტებით ეს არ მოსწონს ბიზნესს.

ბექაურმა ახსნა, თუ რატომ ჭირდება ჩაკეტილ ტელეკომ ბაზარს გახსნა და რა სიკეთეს მოუტანს ეს ქვეყანას და მომხმარებელს.

„რას ნიშნავს და რისთვის გვინდა ეს ცვლილებები? სატელეკომუნიკაციო ბაზარი საკმაოდ ჩაკეტილია. სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებისთვის კომპანიები სარგებლობენ შეზღუდული რესურსით, რასაც სიხშირული სპექტრი ჰქვია და ასევე სახელწიფოსგან ნებართვებს იღებენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ანუ გარკვეული ნებართვები გაიცემა და ამავდროულად გარკვეული ლიცენზიები გაიცემა და ისინი პრივილეგირებულნი არიან ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ, სიხშირული სპექტრის რესურსი შეზღუდულია და ყველა ვერ მიიღებს ამას. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპანია არის წარმოდგენილი ბაზარზე“- აღნიშნა კახა ბექაურმა.

მან ასევე განმარტა, როგორ მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზარი დღეს.

„დღეს ეს ბაზარი ჩაკეტილია იმ კომპანიებში, რომლებსაც ეს რესურსები და ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და სატელეკომუნიკაციო რესურსებს საზოგადოებასა და სხვა ოპერატორებს მხოლოდ ისინი აწვდიან. როგორ მუშაობს ევროპა და რას ვაკეთებთ ჩვენ ბოლო წლებში? ეს ბაზარი უნდა გაიხსნას. სატელეკომუნიკაციო დარგი იმით განსხვავდება სხვა დარგებისგან, რომ ურთულესი კონსტრუქცია აქვს, ტექნოლოგიური სერვისები ინფრასტრუქტურა თავისი არსით რთულია. მაგალითად, ევროპული ბაზარი იცნობს 14 საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტს, რომელიც ჩვენ გადმოვიღეთ. ეს არის საბითუმო ბაზარი მაგალითად ოპტიკურ-ბოჭკოვან წყვილებზე დაშვების ბაზარი, ოპტიკურ-ბოჭკოვან არხებზე დაშვების ბაზარი, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი, ხმოვანი მომსახურების ბაზარი, მობილური ინტერნეტის ბაზარი. 14 ბაზარია სულ და ეს 14-ვე ბაზარი თითქმის დაკეტილია. დაკეტილია ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს კომპანიები აწვდიან ამ საბითუმო ბაზარზე როგორც ავტორიზებულ პირებს, ასევე ჩვენს მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებს. როგორ უნდა იყოს რეალურად? უნდა იყოს ისე, რომ საკუთარი ინფრასტრუქტურა გამოაყენებინონ ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ასევე მობილური კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა და უნდა დაუშვან სხვა ნებისმიერი ოპერატორები, რომლებსაც სურვილი აქვთ მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისები მიაწოდონ. ანუ ე.წ. ვირტუალური ოპერატორები უნდა გაჩნდნენ როგორც ფიქსირებულ საკომუნიკაციო ბაზარზე, ასევე მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე“- განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული და დაგეგმილი ცვლილებებით ტელეკომ ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია, ხარისხი მოიმატებს და შესაბამისაც მომსახურების ღირებულებაც გაიაფდება. მისივე თქმით, დღეს ჩაკეტილია სატელეკომუნიკაციო ბაზარები და კომუნიკაციების კომისია ევროპული კანონმდებლობის და პრაქტიკის დანერგვით სწორედ მათ გასახსნელად ემზადება, რაც ბიზნეს დიდად არ მოწონს და პროტესტიც აქვთ.

„ამისთვის მომზადებაც ძალიან რთულია. 14-ვე ბაზარი რომ გახსნა, მით უმეტეს ასეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ძალიან რთულია. ერთი, რაც ამისთვის საჭიროა, განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია დავნერგეთ. რატომ გვჭირდება ეს? იმისთვის, რომ მობილური კომუნიკაციების კომპანია ქსელზე დაუშვას ქსელის ოპერატორმა და გამოიყენოს მობილური ინტერნეტის ბაზარი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქსელის ოპერატორს მობილური ინტერნეტის ბაზარზე როდესაც სერვისს ახორციელებს, მისი ხარჯები რამდენია და არა ვთქვათ, ხმოვანი სერვისის. ეს აუცილებელი იმიტომაა, რომ ვირტუალური ოპერატორი ისე ვერ შემოვა, თუ ქსელის ოპერატორმა სწორი ფასი არ შესთავაზა თავის ქსელზე დაშვების. ამიტომ აუცილებელია განცალკევებული ხარჯთაღრიცხვა იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ თითოეულ ამ ბაზარზე ქსელის ოპერატორებს რა უჯდებათ, როგორც ავტორიზებული პირებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება. სხვანაირად ვირტუალურ ოპერატორებს ვერ დავუშვებთ, რადგან არ გვეცოდინება რა არის გონივრული ფასი, რა ფასიც ქსელის ოპერატორებმა მათ უნდა შესთავაზონ“- განაცხადა კახა ბექაურმა და დასძინა, რომ  ბოლო რამდენიმე წელია კომუნიკაციების კომისია აქტიურადაა დაკავებული კანონშემოქმედებითი საქმიანობით. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარია ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც ტელეკომ ბაზრისთვის ასოცირების შეთანხმებით სავალდებულოა შესასრულებლად. 

ცნობისთვის, პარლამენტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მსჯელობას აგრძელებს. კამათის მთავარ საგანს დროებითი მმართველის ინსტიტუტი წარმოადგენს, რომლის დანიშვნის გადაწყვეტილების უფლება მარეგულირებელ კომისიას აქვს. კომისიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ გაფრთხილება და სამი სანქცია კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება. კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა 15 ივლისს დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system