თავში

რა ხდება მიკროსაფინანსო ბაზარზე

რა ხდება მიკროსაფინანსო ბაზარზე
რა ხდება მიკროსაფინანსო ბაზარზე

მიკროსაფინანსო ბაზარი მუდმივად მცირდება. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ კიდევ ერთი კომპანია - ,,ლენდო" დაიხურა, 14 კომპანია კი ლიკვიდაციის პროცესშია. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ტენდენცია გაგრძელდება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოდენობა მინიმუმამდე დავა. საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ბაზარზე საბოლოოდ მისო-ების ნაწილი დარჩება, რომელიც წარსულში და ახლაც გადახდისუნარიან სეგმენტს უწევს მომსახურებას.

„მიკროსაფინანსოები საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მუშაობდნენ, რაც მათი ბაზრისთვის იყო დამახასიათებელი. ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა რეგულაციამ კი, ცხადია, მათ საქმიანობაზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მათი ბრუნვა და გაცემული სესხები მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ბევრისთვის ეს პროცესი გაკოტრებით დასრულდა, როგორც ამ ეტაპზე ,,ლენდოს" შემთხვევაში ხდება. ის ნაწილი კი, რომელსაც გადახდისუნარიანი სეგმენტი აქვს აღებული, საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებს, ასეთი კი მიკროსაფინანსო ბაზარზე სულ რამდენიმეა", - ამბობს თოქმაზიშვილი

მიკროსაფინანსო ბაზარზე არსებულ რეალობას ეროვნული ბანკის მიზანმიმართულ ნაბიჯს უწოდებს ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე და აცხადებს, რომ პრობლემა იმ არასწორი პოლიტიკის და მკაცრი რეგულაციების დამსახურებაა, რომელსაც სებ-ი 2017 წლიდან აქტიურად ატარებს.

,,არსებული ტენდენცია, ზოგადად საფინანსო სისტემისთვის არის ძალიან ცუდი და ესაა იმ არასწორი პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაიწყო ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ დიდი ხნის წინ. ამ ნაბიჯის მიზანი იყო საფინანსო სისტემაში არსებული მცირე და საშუალო კომპანიები მიზანმიმართულად მიეყვანა გაკოტრებამდე. გაურკვეველი და მკაცრი რეგულაციებით საფინანსო ბაზრის არასაბანკო სექტორი, რომლის საერთო აქტივების მოცულობა წლების წინ აღემატებოდა 1 მილიარდ ლარს, ფაქტობრივად, სრულად მოიშალა“, - აღნიშნა ბერძენაძემ report.ge-თან.

მისივე აზრით, ტენდენცია გაგრძელდება და ეს თითოეულ მოთამაშეს შეეხება, გარდა კომერციული ბანკებისა. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67-დან 41-მდეა შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system