თავში

რა კითხვები აქვთ თბილისის ბიუჯეტის მიმართ

რა კითხვები აქვთ თბილისის ბიუჯეტის მიმართ
რა კითხვები აქვთ თბილისის ბიუჯეტის მიმართ

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვატო შაქარიშვილი თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი მართვის ნათელი გამოხატულებაა“.

ვატო შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში არარაციონალური ხარჯებია გათვალისწინებული და თბილისელების ფული უყაირათოდ იხარჯება.

„მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი მართვის ნათელი გამოხატულებაა. ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს და უმძიმესი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობაა, ეს მოცულობითი და სქელტანიანი დოკუმენტი კიდევ ერთელ ადასტურებს იმას, რომ მერია ვერ აანალიზებს შექმნილ ვითარებას, მისი პრიორიტეტები და პოლიტიკა აცდენილია არსებულ გამოწვევებს. გარდა აქამდე მოქმედი სოციალური პროგრამებისა და ქვეპროგრამებისა, სამწუხაროდ, არ იკითხება დამატებით რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას აპირებს მუნიციპალიტეტი კრიზისულ მდგომარეობაში მოქალაქეების დასახმარებლად. ცხადია, რამდენიმე კომპანიის მიერ შეძენილი სურსათის დისტრიბუცია ვერ ჩაითვლება მერიის მხრიდან ეფექტურ ნაბიჯებად.

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო და არაეფექტური მართვა დიდი ხანია გადაიზარდა ღრმა კორუფციაში. მერიის სტრუქტურები, სადაც უამრავი კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს, მაღალი თანამდებობის პირებმა მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული კომპანიის სერვისად გადააქციეს. იფლანგება თბილისის ბიუჯეტი, გარიგებებით ხდება თბილისის ქონების დაუფლება, მერთან დაახლოებული ბიზნესმენები სარგებლობენ პრივილეგიებით და პრეფერენციებით, მთლიანად უარი ითქვა იმ პრინციპებზე და ღირებულებებზე, რომლითაც 2017 წელს მოვედით ადგილობრივ ხელისუფლებაში. ამ ყველაფრის შესანიღბად კი, გამოიყენება შინაარსით იაფფასიანი PR სვლები, რომელიც ბიუჯეტს სულაც არ უჯდება იაფი. 2021 წელს (შეგახსენებთ, რომ ეს საარჩევნო წელია) პიარ აქტივობებზე 13 მილიონამდე დაიხარჯება, აქედან 5 მილიონი სარეკლამო ხარჯია, ხოლო 8 მილიონი სხვადასხვა ღონისძიებების საორგანიზაციო. ბიუჯეტში შეხვდებით სხვა არარაციონალურ ხარჯებს, პროგრამებსა თუ აქტივობებს, რომელთა ეფექტიანობის გაზომვა არ ხდება და თბილისელების ფული უყაირათოდ იხარჯება. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ვაპირებ მხარი დავუჭირო წარმოდგენილ ბიუჯეტს“,-განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერი კახა კალაძე წარადგენს. თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, საიდანაც ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system