თავში

რა კითხვებია 2021 წლის ბიუჯეტის მიმართ

რა კითხვებია 2021 წლის ბიუჯეტის მიმართ
რა კითხვებია 2021 წლის ბიუჯეტის მიმართ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარიე ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის საგარეო ვალი პირველად სცდება 60%-იან ზღვარს, რაც სერიოზულ განხილვას და მსჯელობას საჭიროებს. დეპუტატს აწუხებს ისიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტი არის მაღალი 7,6%.

„განხილვის თემა იყო 2021 წლის ბიუჯეტი. მოგეხსენებათ, რომ რეალურად, ახალი ბიუჯეტი შემოიტანა მთავრობამ. პრინციპული ხასიათის ცვლილებები არის. შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები, დეფიციტი არის 7,6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, ეს პირველად არის, აქედან გამომდინარე გვექნება სერიოზული განხილვა. ვაპირებთ, რომ კომიტეტში სკრუპულოზურად განვიხილოთ ყველა მუხლი. მოწვეული გვეყოლება თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტი და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. ვფიქრობთ, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია ქვეყნის წინაშე. ბუნებრივია, ეს ბიუჯეტზეც აისახება, მაგრამ ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, არსებული ციფრები რაც არის 18,4 მილიარდი ლარი, 2,5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს იხარჯებოდა. გამოწვევები არის ეკონომიკაში, რადგან ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში. მესამე კვარტალია, რაც საქართველო რეცესიაშია და ბუნებრივია, ეს ბიუჯეტის პროექტიც არსებულ რეალობას ასახავს. ამ მსჯელობის დროს დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები ასიგნებების გაზრდასთან დაკავშირებით, გარკვეული მოთხოვნები არის, მაგრამ, როგორც გითხარით, ციფრები არის კრიტიკული. საგარეო ვალი 60%-იან დონეს აჭარბებს, დეფიციტი არის მაღალი 7,6%, რაც მაწუხებს. აქედან გამომდინარე, ეს ციფრები არის ისეთი, რომელიც ახლაც და მომავალშიც შემცირებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაპირება, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული, სოციალური პაკეტები ჩვენი თანამემამულეების, ბიზნესის მიმართ დახმარებები, ამ პროექტში არის ჩადებული“,- განაცხადა კოვზანაძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system