თავში

რა ქმნის ბარიერს ბიზნესისთვის

რა ქმნის ბარიერს ბიზნესისთვის
რა ქმნის ბარიერს ბიზნესისთვის

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე თვლის, რომ საქართველოში ბიზნესი ყველაზე მეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ზარალდება. ჩალაძის შეფასებით, არასწორი საბანკო ადმინისტრირება კომპანიების განვითარებას აბრკოლებს, რადგან მათი შემოსავლების 90% საბანკო ვალდებულებების გასტუმრებას ხმარდება. 

,,ბიზნესს ქვეყანაში ყველაზე მეტად პრობლემა მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო აქვს. მთავარია, ბანკებმა სწორი პოზიცია დაიჭირონ და გაითვალისწინონ, რომ ისინი ლომბარდებისგან განსხვავდებიან და სხვა დანიშნულება აქვთ. საპროცენტო განაკვეთები დღეს მიუღებელია, არ შეიძლება ადამიანს სესხის აღება აშინებდეს იმის გამო, რომ მას შეიძლება ამ ვალდებულების შესრულება გაუჭირდეს. არ შეიძლება, მისი მოგების 90% საპროცენტო განაკვეთებში მიდიოდეს, ეს არის ცუდი საბანკო ადმინისტრირების შედეგი", - აცხადებს გიორგი ჩალაძე.

მისი თქმით, გაცილებით უკეთეს პირობებში არიან ინტერნაციონალური კომპანიები, რომლებსაც საერთაშორისო წარმომადგენლობიდან გამომდინარე, ფინანსებზე მეტი წვდომა აქვთ. 

,,ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია კონტაქტების მონახვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. ფული, რომელსაც კომპანია გამოიმუშავებს, ხშირად ბევრჯერ ძვირია იმ თანხაზე, რომელსაც წყარო აწვდის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამა, რომელიც კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული პირებისთვის გაიმართა. რეალურად იგი არა მხოლოდ დარგის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება, რომელიც დგას სტაბილურ, გრძელვადიან ბიზნესზე. ამ მხრივ სახელმწიფო პროექტებს დიდი ფუნქცია აკისრია, მათ შორის პროექტს ,,აწარმოე საქართველოში", რითაც თავის დროზე  გენეტიკის ეროვნულმა ლაბორატორიამ ისარგებლა. საბოლოოდ კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რამაც გამოიწვია ბაზარზე ახალი პროდუქციის შექმნა, ახალ პროფესიებზე მოთხოვნა და ფასების 68%-ით შემცირება, რადგან აქამდე ეს პროდუქტი ქვეყნის გარეთ იგზავნებოდა. ფულადი რესურსი გადიოდა ქვეყნიდან და რჩებოდა მხოლოდ მომსახურების საფასური, რაც მინიმალური იყო. დღეს მთელი რესურსი ხმარდება საქართველოს და ბიუჯეტისთვისაც დიდი სარგებელი მოაქვს", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიამ 2017 წლის მაისში დაიწყო ფუნქციონირება, პირველი მსგავსი პროფილის ლაბორატორიაა საქართველოში, რომელიც  რთული გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system