თავში

რა ქონება დაკარგა საქართველოს მოსახლეობამ და ვინ დაესაკუთრა მას

რა ქონება დაკარგა საქართველოს მოსახლეობამ და ვინ დაესაკუთრა მას
რა ქონება დაკარგა საქართველოს მოსახლეობამ და ვინ დაესაკუთრა მას

არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 2019 წლის ათ თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

2017 წლის შემდეგ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩევა. ბოლო 2 წელიწადში ეს მაჩვენებელი 18%-ითაა შემცირებული.

თუ 2017 წელს 1695 ერთეული ქონება გასხვისდა, 2018-ში 1395 ერთეული ქონება გასხვისდა აუქციონის წესით.

"საზოგადოება და ბანკების" განმარტებით, მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად დაურეგულირებელი. ორგანიზაცია განმარტავს, რომ რეგულირდება მხოლოდ იმ კერძო იპოთეკარების სექტორი, რომელთა მიერ გაცემული სესხების რაოდენობა აღემატება 20-ს, ხოლო ე.წ. წვრილი იპოთეკარების სექტორის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას. 

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო პირებისგან მსესხებლები ძირითადად მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაა. მიუხედავად კერძო პირებისგან ჩამორთმეული უძრავი ქონების რიცხოვნების კლებისა, კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება კვლავაც სერიოზულად ზარალდება. შესაბამისად, სასურველია ამ სეგმენტის წილის რაც შეიძლება მინიმუმადე დაყვანა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ფინანსურად დამძიმებული მოქალაქეების მდგომარეობას გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მიღებული რეგულაციები დადებითად აისახა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების მიმართულებით, თუმცა ჩამორთმეული უძრავი ქონების მოცულობა კვლავაც მაღალია," - ვკითხულობთ ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

2019 წლის 10 თვეში ჩამორთმეული ქონების თითქმის ნახევარს 49%-ს კერძო მევახშეები დაესაკუთრნენ, ხოლო 40%-ს კომერციული ბანკები:

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს,რომ აუცილებელია:

1.საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება,

2.სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება,

3.მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება,

4.აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system