თავში

რა ქონებას ფლობს ნათია თურნავა

რა ქონებას ფლობს ნათია თურნავა
რა ქონებას ფლობს ნათია თურნავა

საქართველოში მოქმედი კანონი თანამდებობის პირებს ავალდებულებს შეავსონ ქონების დეკლარაციები. report.ge დაინტერესდა, რა ქონების მფლობელია ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ნათია (ნათელა) თურნავა. მინისტრს ქონების დეკლარაცია ბოლოს შევსებული აქვს გასული წლის 30 ნოემბერს.

თურნავა დაბადებულია 1968 წლის 19 ოქტომებრს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. დეკლარაციაში მას შეყვანილი ჰყავს მეუღლე დავით ვეშაპიძე, რომელსაც შარშან 75000 დოლარად თბილისში რევაზ ჯაფარიძის I შესახვევში ნაყიდი აქვს 207 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი საბანკო სესხით. 2015 წელს მან თბილისში, ზემო ვაკის I შესახვევში შეიძინა 380 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი 100000 დოლარად. 2011 წელს კი ვეშაპიძეს 25000 დოლარად ნაყიდი აქვს ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჰერეთისკარში, 33006 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი. ამავე ფასად მას ამავე სოფელში 2011 წელსვე შეძენილი აქვს 249951 კვ.მეტრუის მეორე ნაკვეთიც. მინისტრის მეუღლე ფლობს ასევე 239746 ლარად შეფასებულ 320 კვ.მეტრის დაუმთავრებელ მშენებლობას თბილისში მისამართზე:  ზემო ვაკის შესახვევი I, N6. დავით ვეშაპიძეს აქვს ასევე ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც მას 2017 წელს შეძენილი აქვს 69880,25 ლარად.

რაც შეეხება, თავად მინისტრ თურნავას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ნათია თურნავა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ფლობს  4, 33,03 კვ.მეტრის ფართის ბინას , რომელიც მინისტრს შარშან აჩუქეს. ნაჩუქარია (2003 წელს)  ასევე მის სახელზე თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 75, 130,79 კვ.მეტრის ფართის ბინა. 2016 წელს აჩუქეს მინისტრს მცხეთაში, სოფელ არაშენდაში, 1615 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი. დედაქალაქში, ამაღლების ქუჩაზე, ნათია თურნავას 2010 წელს 60 ათას დოლარად შეძენილი აქვს 137,21 კვ.მეტრის ფართის ბინა. მინისტრს თურნავას სახელზე ფიქსირდება ასევე 2010 წელს 6400 დოლარად ნაყიდი 20,3 კვ.მეტრის ფართის ავტოფარეხი თბილისში ამაღლების ქუჩაზე.

რაც შეეხება, მოძრავ ქონებას, მინისტრი ავტომობილს არ ფლობს, ხოლო მისი მეუღლის სახელზეა 2011 წელს 43000 დოლარად ნაყიდი 2011 წლის გამოშვება Mercedes Benz ML class-ის მარკის ავტომობილი. 

ნათელა თურნავას "საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე განთავსებულია 120,44 USD (+), ხოლო "საქართველოს ბანკის" საკრედიტო ბარათზე - 1,35 GEL (+). მინისტრის "თი–ბი–სი ბანკი" საბარათე ანგარიშზე 411,23 EUR (+) ფიქსირდება, ხოლო "თი–ბი–სი ბანკი" საბარათე ანგარიშზე- 8908,25 GEL (-). ამავე ბანკში მეორე საბარათე ანგარიშზე მინისტრს 499,32 USD (+) აქვს განთავსებული. 

ნათია თურნავა 15%-იანი წილის მფლობელია შპს "სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრში". მისი პარტნიორები არიან:  მზია ჯაში, მერი ცომაია, ელენე კოჭლამაზაშვილი, მაყვალა ვანიშვილი. მინისტრი სს "კონსტანტა საქართველოს" აქციონერიცაა. მინისტრის მეუღლე, დავით ვეშაპიძე, შპს "კავკასუს მენეჯმენტ კონსალტინგ საქართველოს" 33,33%-იანი წილის მფლობელია. მისი პარტნიორები არიან: იოსებ დუდუჩავა  და გეორგი კაკაბაძე. ვეშაპიძე არის ასევე კოოპერატივი რკ "ჰერეთისკარის ნობათის" დირექტორი. დეკლარაციის მიხედვით, ამ საწარმოებისს საქმიანობიდან 2019 წლის იანვრიდან  2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი (ხელზე აღებული თანხა) არც მინისტრს და არც მის მეუღლეს არ უფიქსირდება.

ნათია თურნავას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის სანაცვლოდ 12 თვეში აღებული აქვს 69048,81 ლარი. ესაა ხელზე აღებული თანხა. მის მეუღლეს, დავით ვეშაპიძეს, 2019 წლის იანვრიდან ამავე წლის აპრილის ბოლომდე შპს "კაზ ფროფერთი მენეჯმენტის" ლოჯისტიკის მენეჯერად მუშაობის სანაცვლოდ მიღებული აქვს 9639,8 ლარის შემოსავალი, ხოლო სს "რუსთავის აზოტის" მრჩევლად მუშაობის სანაცვლოდ 2019 წლის მარტიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით მან აიღო 80400 ლარის ხელფასი.

მინისტრს 2018 წლის ივლისში "შაქართველოს ბანკში" აღებული აქვს 185200 დოლარის იპოთეკური სესხი, რომელიც მან უნდა დაფაროს 2033 წლის სექტემბერში. "თი-ბი-სი ბანკში" კი მინისტრს ჰმართებს 325000 ევროს იპოთეკური სესხი, რომელიც 2018 წლის მაისშია აღებული და 2033 წლის ივნისში უნდა დაიფაროს. 

მინისტრს გაქირავებული აქვს უძრავი ქონება, რომლის სანაცვლოდ 2019 წელს მან 74400 ლარის შემოსავალი მიიღო.დეკლარაციაში განმარტებულია, რომ საცხოვრებელი ბინის გაქირავების ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2019 წლის 31 დეკემბერს, თუმცა მხარეები ფაქტობრივად აგრძელებენ ხელშეკრულების პირობების შესრულებას.

ნათია თურნავას "თი-ბი-სი ბანკში" აქვს საკრედიტო ბარათი, რომლის დაშვებული ლიმიტი, 13000 ლარია. მის მეუღლეს კი ამავე ბანკში აქვს საკრედიტო ბარათი Amex, რომელზეც დაშვებული ლიმიტი 11500 ლარია.

ნათელა თურნავას 2019 წელს  ქონების გადასახადის სახით ბიუჯეტში გადახდილი აქვს 10 100 ლარი.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა 1985 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. თბილისის N56 საშუალო სკოლა. 1985–1990 წლებში ნათია თურნავა სწავლობდა და წითელ დიპლომზე დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ეკონომისტი. ის 1990–1994 წლებში სწავლობდა. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. თურნავამ 2005 და 2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. კენედის სახ. სამთავრობო სკოლის ეგიდით; 1994 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2012-2014 წწ. გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი.

1994-1996 წლებში ნათია თურნავა იყო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1996-2000 წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018 წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, წიგნების თანაავტორი: "ელემენტარული ეკონომიკა" (1998), "ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ძირითადი მიმართულებები" (2002), "მსოფლიო ეკონომიკა" (2001).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system