თავში

რა მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს საქართველო

რა მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს საქართველო
რა მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს საქართველო

ტურიზმის განახლებული სტრატეგია უკვე გაწერილია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედეა ჯანიაშვილის ინფორმაციით, წელს ტურიზმის ადმინისტრაციას ძალიან შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, წინა წლებთან შედარებით, თუმცა იგეგმება კონკრეტული, ფოკუსირებული კამპანიები.

"ამაში იგულისხმება ის, რომ მოვახდინოთ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირება და უშუალოდ იმ პროდუქტების პოპულარიზაციაზე ვიმუშაოთ, რაც პოსტკოვიდურ პერიოდში არის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ჩვენი საერთაშორისო სტუმრებისთვის", - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

საქართველო ტურიზმის საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს. France 5-ი საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე გადაცემას ამზადებს.  ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობენ. მაისში საქართველოში უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს, რომლის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა და გერმანულ მედიაში ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაიწერა. მანამდე კი საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, - პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ცნობისთვის,ტურიზმის განახლებული სტრატეგიის პრეზენტაცია პარლამენტში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება.  უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ცნობისთვის, პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის განახლებული მარკეტინგის სტრატეგიაზე დიდ იმედს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ტურიზმი ძალიან სწრაფად აღდგება. იმის გამო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმის სექტორი იყო, ექსპერტები მთავრობას უპირველესად ამ სექტორის სწარფ აღდგენაზე ძალისხმევის გააქტიურებას ურჩევენ.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system