თავში

რა მავნე გავლენას ახდენს ორგანიზმზე სარეცხი საშუალებების გამოყენება

რა მავნე გავლენას ახდენს ორგანიზმზე სარეცხი საშუალებების გამოყენება
რა მავნე გავლენას ახდენს ორგანიზმზე სარეცხი საშუალებების გამოყენება

საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენება, სინამდვილეში უამრავი დაავადების გამომწვევია. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ კვლევამაც აჩვენა, რომ  ქვეყანაში საშიში სარეცხი საშუალებები იყიდება. როგორც ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი რამაზ გახოკიძე განმარტავს, სიცოცხლისთვის საშიშია უამრავი სხვადასხვაგვარი ქიმიური გამწმენდი და სარეცხი საშუალებები, რასაც თანამედროვე დიასახლისები აქტიურად იყენებენ. 

,,ფხვნილების ძირითადი აქტიური კომპონენტია ე.წ. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ზან), რომლებიც მართალია, შლის ჭუჭყს, მაგრამ კანშიც იჭრებიან და ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე; მაგალითად, იწვევენ ალერგიულ რეაქციას, არღვევენ იმუნიტეტს, აზიანებენ ტვინს და სხვა. ჯანმრთელობას და გარემოს დიდ პრობლემას უქმნის ფოსფატები, რომლებსაც ზან-თან ერთად შეიცავს სარეცხი ფხვნილები. მათი ჭარბი შემცველობა ორგანიზმში იწვევს მაგნიუმის, კალციუმისა და რკინის შეთვისების მოშლას. ფოსფატები ჩამდინარე წყლებით ხვდება მდინარეებსა და წყალსაცავებში და აბინძურებს მათ, ხელს უწყობს ციანბაქტერიების გამრავლებას, რომელთა ტოქსინები ააქტიურებს კიბოს უჯრედების განვითარებას", - განმარტავს გახოკიძე.

მისი ინფორმაციით, გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ნორვეგიაში უკვე აიკრძალა ფოსფორშემცველი სარეცხი ფხვნილების გაყიდვა.

,,აშშ-ში 1500 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის დიასახლისები, რომლებიც მუდმივად იყენებენ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებს (აეროზოლები, ასევე ზედაპირიდან ობის მოსაცილებელი საშუალებანი), მკერდის კიბოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ გასუფთავების თანამედროვე საშუალებებს. ამერიკელ მეცნიერთა მონაცემებით, საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედება დედის საშოში იწვევს ბავშვის ეგზემის რისკის გაზრდას. საქმე ეხება ნივთიერება ბუთილბენზილფტალატს, რომელსაც ნაყოფის განვითარების პროცესში შეუძლია - ანთების, ხოლო 2 წლის ასაკისთვის 60%-მდე ეგზემის გამოწვევა", - ამბობს გახოკიძე.

როგორც მეცნიერი განმარტავს, ხარისხის მიუხედავად, მავნეა ჭურჭლის სარეცხი სითხეც, რადგან "საუკეთესო" სარეცხ საშუალებათა შემადგენლობაშიც ასევე შედის ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები - ფოსფატები, ქლორი, ზან-ი, ფტალატები.

,,ქლორი იწვევს ანემიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს. ფტალატები ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლსა და თირკმლებზე, რეპროდუქციულ ორგანოებზე, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე. მიიჩნევა, რომ ეს ნაერთები, შესაძლოა, აღმოჩნდეს ონკოლოგიურ დაავადებათა, უშვილობისა და ასთმის მიზეზი. ამიტომ ჭურჭლის გასარეცხადაც გამოიყენეთ უსაფრთხო ნატურალური საშუალებები. ეს შეიძლება იყოს სოდა, რომელიც შესანიშნავად წმენდს ცხიმებისგან ჭურჭელს და მისი საშუალებით ქვაბებიდან მიმწვრის მოცილებაც შესაძლებელია", - დასძენს რამაზ გახოკიძე.

სპეციალისტის თქმით, ქიმიური საშუალებების გამოყენება განსაკუთრებით საშიშია ოჯახებში, სადაც ბავშვია. მართალია, ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედება აისახება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ პატარების შემთხვევაში რისკი გაცილებით მაღალია. მეცნიერი გვირჩევს, რომ საყოფაცხოვრებო საქონლის, სათამაშოებისა და ბავშვის ტანსაცმლის ყიდვისას ვიყოთ წინდახედულნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system