თავში

რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას ფინანსურ ბაზრებზე კაპიტალის გადანაწილების მაღალეფექტიანობისთვის

რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას ფინანსურ ბაზრებზე
რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას ფინანსურ ბაზრებზე კაპიტალის გადანაწილების მაღალეფექტიანობისთვის

ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივმა პროექტმა, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან ერთად, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის ვირტუალურ ცერემონიას უმასპინძლა.

ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გახსნა. თავის გამოსვლაში კობა გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო ძალისხმევის შედეგად მოხერხდა საქართველოში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა, რაშიც აღნიშნული პროექტის წვლილი განსაკუთრებულია, მან მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს და ჩართულ მხარეებს.

"არაერთხელ აღმინიშნავს გამჭვირვალობის კრიტიკული როლის თაობაზე ფინანსურ ბაზრებზე კაპიტალის გადანაწილების მაღალი ეფექტიანობის მისაღწევად. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ გამჭვირვალობისა და კორპორაციული მმართველობის მაღალი სტანდარტების მნიშვნელობას სამართლიანი და უფრო მიმზიდველი კაპიტალის ბაზრის შესაქმნელად. აღნიშნული საკითხების პრიორიტეტულობა ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებშიც არის ასახული. ამ მხრივ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ეს არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის საკანონმდებლო ჩარჩოს უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, 2020 წლის მესამე კვარტალში განახლდა "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" და "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს ორი მნიშვნელოვანი კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს საკანონმდებლო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ასპექტს სწორედ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის გამჭვირვალობის განახლებული ჩარჩო წარმოადგენს, რომლის მიზანია გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების შექმნა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. აღნიშნული გამჭვირვალობის ჩარჩო, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს პერიოდული ფინანსური და არა-ფინანსური ინფორმაციის მომზადებას, წარდგენასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. რეფორმის შედეგად საჯარო კომპანიებისათვის დაიხვეწა და გამარტივდა ანგარიშგებისა და ადმინისტრირების პროცესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, რომელიც ამ ეტაპზე სრულიად ელექტრონულია. ჯამში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციის ხარისხი და ამ ინფორმაციის ყველა დაინტერესებული მხარისათვის ხელმისაწვდომობა", - განაცხადა კობა გვნეტაძემ.

BARTA, რომელიც 2019 წელს დაწესდა, იმ ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რომლის ამოცანაა ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის ხარისხის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა. 2016 წელს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

დაჯილდოების ცერემონია წელს ვირტუალურად გაიმართა და მასზე წარმოდგენილი 18 ნომინანტი კომპანიიდან გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.

მსხვილი საფინანსო კომპანიების ნომინაციაში სს "თიბისი ბანკმა" გაიმარჯვა, ხოლო მსხვილი არასაფინანსო კომპანიების კატეგორიაში სს "ნიკორა ტრეიდმა" და სს "თელასმა" (ერთობლივად). მცირე კომპანიებიდან გამარჯვება წილად ხვდა შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიას". საპატიო ჯილდო მფლობელი კი სს მსო "კრისტალი" გახდა.

კონკურსი წელს გაფართოვდა და უფრო მეტ კომპანიას მოიცავს. 2019 წელს მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ საქართველოს საფონდო ბირჟის A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალ კომპანიებს შეეძლოთ, 2020 წელს კი ის ღია გახდა საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, ასევე, სავაჭროდ დაშვებული კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.

დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნესის, ფინანსური ინსტიტუტების, მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, დარგობრივი ასოციაციების და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system