თავში

რა პერსპექტივა აქვს დაფნის წარმოებას

რა პერსპექტივა აქვს დაფნის წარმოებას
რა პერსპექტივა აქვს დაფნის წარმოებას

საერთაშორისო კვლევითი ცენტრი "პი-ემ-სი" სოფლის მეურნეობის სექტორის დეტალურ ანალიზს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, საქართველოდან ექსპორტირებული დაფნის უდიდესი ნაწილი გავიდა რუსეთში (40%), თურქეთსა (24%) და უკრაინაში (17%). 

ევროპა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაფნის იმპორტიორია (მსოფლიოს მთლიანი იმპორტის 26%). მათ შორის ყველაზე დიდ იმპორტიორს წარმოადგენს გერმანია, სადაც 2017 წელს განხორციელდა 67 883 ტონა დაფნის იმპორტი, მათ შორის 7 ტონა საქართველოდან. 

სულ საქართველომ 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 82,6 ტონა დაფნა გაიტანა. აქედან ყველაზე მეტი - 40 ტონა ლიტვაში შევიდა. კვლევის ფარგლებში ჩატარებული გაანგარიშებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დაფნის წარმოება და ევროკავშირში ექსპორტი პერსპექტიულია. თუმცა ამისთვის საჭიროა დაფნის მოვლის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, რაც გაზრდის დაფნის მოსავლიანობასა და ხარისხს.

ცნობისთვის. დაფნის ფოთლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია თურქეთი. დაფნის პლანტაციები ბუნებრივად მოიპოვება ეგეოსის, ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ნედლეულის ძირითადი მწარმოებლები არიან: იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, სირია.

საქართველოში დაფნა ძირითადად, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ხარობს. ჩვენთან დაფნის წარმოების დონე საკმაოდ მაღალი იყო გასული საუკუნის 90-იან წლებამდე. სწორედ დაფნა მიიჩნეოდა ჩაისა და ციტრუსების შემდგომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურად. იმ პერიოდისათვის დაფნის პლანტაციებს 6 ათასი ჰა ეჭირა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაფნის კულტურის განვითარებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა, დაფნის ნედლეულის შესასყიდი ფასის სიმცირის გამო მოსახლეობას არ უღირდა დაფნის ჩაბარება და პლანტაციები თანდათანობით შემცირდა. ამ ყველაფრის ფონზე, დაფნაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით მზარდია. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა დაფნის ეთეროვან ზეთზე. კარგი მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია 1 ჰა პლანტაციიდან მივიღოთ 5-10 ტონა ნედლი დაფნა, რაც გამხმარ ფოთოლზე გადაყვანით, 2 ტონას შეადგენს. ამჟამად გამომშრალი დაფნის ჩაბარების ფასი კგ-ზე 2,2-2,5 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოთა რიცხვი 10-20 მდეა, რომელთაგან მსხვილი ექსპორტიორია 5-მდე საწარმო. ისინი ძირითადად სამეგრელოში ოპერირებენ, თუმცა შემგროვებლებისა და დამამზადებლების გავლით იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდანაც იღებენ ნედლეულს.

დაფნის ფოთლის ქართველი ექსპორტიორები პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობენ. მათი ინტერესი ევროკავშირის ბაზრის ათვისებაა, სადაც დაფნის ფასი ყველაზე მაღალია. ექსპორტიორებს არ აქვთ შესაბამისი მანქანა-დანადგარები იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ნედლეული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთს უკვე აქვს დამკვიდრებული თავი ევროკავშირის ბაზარზე, და საქართველოსთვის არც თუ ისე კარგი ხარისხის ნედლეულით ამ ბაზარზე შესვლა რთულია. ბიო დაფნის ან დაფნის ეთერზეთის წარმოების შემთხვევაში, რომლებზეც მოთხოვნა მზარდია, შეგვიძლია დავიკავოთ ჩვენი ნიშა. მიუხედავად იმისა, რომ მოგების მარჟა ბიოდაფნისა და ეთერზეთის წარმოებაზე მაღალია, საწარმოების ამგვარად გამართვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system