თავში

რა პირობით გააგრძელებს "ფრონტერა" საქმიანობას საქართველოში

რა პირობით გააგრძელებს "ფრონტერა" საქმიანობას საქართველოში
რა პირობით გააგრძელებს ფრონტერა საქმიანობას საქართველოში

მზად ვართ, ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე "ფრონტერასთან" შეხვედრა უნდა შედგეს.

„ორი თვის წინ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსა და კომპანია „ფრონტერას“ შორის და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ქართული მხარის მიერ იყო დაყენებული, პოზიტიური გადაწყვეტილება იყო მიღებული. მისი მიღების შემდეგ დარჩა გარკვეული კითხვები, როგორც კომპანია „ფრონტერას“, ასევე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეხვედრა შედგეს, რათა ეს საკითხები განვიხილოთ“, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. მათივე ცნობით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება "ფრონტერასთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება.

შეგახსენებთ, კორპორაციამ და სააგენტომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საარბიტრაჟო განხილვა 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია და კომპანიას მოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც ჯამში $6 მილიონს შეადგენს.

30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა. 4 მაისს კი „ფრონტერამ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.

კომპანიამ განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას და ინფორმაციას საქართველოს მთავრობა კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

"ფრიონტერას" ბრალდების საპასუხოდ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ნავთობკომპანია საარბიტრაჟო განხილვის შედეგებს განზრახ ამახინჯებს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს.

თავად ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა" ოცნების ხელისუფლებას შევიწროებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.

"ფრონტერას" საქმეზე განმარტება გააკეთა პრემიერმა გახარიამაც, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანიას საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system