თავში

რა პოზიცია აქვს ბიზნესს შეზღუდვების მოსალოდნელ გამკაცრებაზე

რა პოზიცია აქვს ბიზნესს შეზღუდვების მოსალოდნელ გამკაცრებაზე
რა პოზიცია აქვს ბიზნესს შეზღუდვების მოსალოდნელ გამკაცრებაზე

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ამბობს, რომ შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროსთან ერთობლივად მსჯელობს, შეამცირებს მობილობას და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მძიმე სამუშაოს შეუმსუბუქებს. მისი განმარტებით, კორონავირუსმა ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები ყველა ქვეყანას შეუქმნა და გამონაკლისის საქართველო არაა. 

„არავის აქვს ილუზია, რომ ერთ და ორ კვირაში ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ახლა უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომ თუნდაც თვის ბოლოსთვის, როდესაც მოდის ახალი წელი, ჩვენ მეტ-ნაკლებად ამოსუნთქული შევხვდეთ და თუნდაც იმ ექიმებს და ექთნებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ავადმყოფებთან, ცოტათი მაინც ამოისუნთქონ და დაისვენონ. შეზღუდვები, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მე ვფიქრობ, არის ძალიან კარგი იმ მიმართულებით, რომ ეს ეხება იმ ძირითად პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის მობილობა, რომ კონტაქტები იყოს უფრო ნაკლები და დავიცვათ სამი ძირითადი პირობა - ნიღბები, ორ მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

"ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირად ფასობს," - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლე ყველაზე პრიორიტეტულია და ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, საგადასახადო შეღავათები გახანგრძლივდეს.

„ზოგადად, დილემის წინაშე ვდგავართ. ყველას კარგად გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესი და ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მას. ამავდროულად, ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და მომავალშიც ასე იქნება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს“, – განაცხადა ფხაკაძემ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ საპოვნელია ოქროს შუალედი, რომლითაც არ დაზარალდება ბიზნესი და დაცული იქნმება მოქალაქეთა სიცოცხლის უფლება.

"პირველივე რეგულაცია, რაც შეეხო 22:00 საათიდან რესტორნების დაკეტვას, მეორე იყო უკვე 22:00 საათიდან კომენდანტის საათის გამოცხადება და ასევე რესტორნებმა თითქმის ორი საათით გადაწიეს სამუშაო გრაფიკი. დღეს ეს სფერო ისეთ მდგომარეობაშია, დამატებით ნებისმიერი შეზღუდვა, ეს არ იქნება შეზღუდვა, არამედ იქნება მთლიანი „ლოკდაუნი“ სფეროსი. აქედან გამომდინარე, დაიკარგება ათი ათასობით სამუშაო ადგილი და ეს წარმოადგენს პრობლემას. სახელმწიფოსა და სფეროს შორის ახლა დიალოგის მთავარი ამოცანა არის, როგორ გადავარჩინოთ ეს დასაქმებულები და როგორ მოხდეს „კოვიდის“ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მთავარი პრინციპი“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

"ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება იმ შეზღუდვებით, რომელსაც დააწესებენ," - ასე ფიქრობს "ლილო მოლის" დირექტორი. გიორგი კვარაცხელია იმედოვნებს, რომ შეზღუდვები იქნება ადეკვატური.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეზღუდვების გამკაცრებაზე სამსჯელოდ მიმდინარე კვირის განმავლობაში გუშინ მეორედ შეხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system