თავში

რა პრინციპით უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი

რა პრინციპით უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი
რა პრინციპით უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ  მთავრობის მხრიდან ტრანსპორტის დაკეტვის გადაწყვეტილება არასწორი იყო. როგორც ის report.ge-თან განმარტავს, 1 თებერვლიდან, როგორც კი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება, პირველ რიგში, სწორედ მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა გაიხსნას. რაც შეეხება უსაფრთხოების სტანდარტს, ზოიძის შეფასებით, ეპიდემიიდან გამომდინარე, წესები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ასევე მგზავრების რაოდენობა განისაზღვროს, დისტანცია და პირბადის ტარება ძალაში დარჩეს.

,,ნაწილობრივი ლოკდაუნის პირობებში დაკეტვა სულ სამ სფეროს შეეხო და ერთიმეორის მიყოლებით უნდა გაიხსნას, მაგრამ რა თანმიმდევრობით, ვერ გეტყვით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომგადაწყვეტილება პირველ ეტაპზეა მისაღები. თავის დროზეც არ ვიყავი მომხრე, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება აეკრძალათ, კონტროლი უფრო სწორად და გამართლებულად მიმაჩნდა, რა პოზიციაზეც დღესაც ვრჩები. უნდა ჩამოყალიბდეს პრინციპი, წესები, რომელიც ტრანსპორტის მუშაობისას მკაცრად იქნება დაცული. ადამაინების რაოდენობა არის გასაკონტროლებელი, ალბათ, ეს ძალიან გაუჭირდათ, რადგან კონტროლი შესაძლებელი რომ ყოფილიყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც უნდა დაგვეკეტა. ერთ ვაგონში იქნება თუ ერთ ავტობუსში, დისტანცია უნდა დაიცვან. პირბადე 100%-ით ვერ დაიცავს მგზავრს ვირუსისგან, ამიტომ დისტანცია უნდა გაკონტროლდეს. ასევე შაბათ-კვირაობით დაიკეტოს ტრანსპორტი, რაზეც ჯერ კიდევ ნოემბერში საუბრობდნენ, მაგრამ რატომღაც სხვა გადაწყვეტილება მიიღეს", - აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისივე თქმით, მთავრობას უნდა გააჩნდეს შეზღუდვების მოხსნის ძალიან გონივრული გეგმა, რომელიც მინიმუმ ზაფხულამდე იმოქმედებს. 

,,მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, რატომ შეიცვალა გეგმა და რა ცვლილებებია. ვგულისხმობ იმ გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბერში ეპიდემიის პრევენციის მიზნით შემუშავდა. ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ გახსნა რომ დაიწყება, ამაზე დავა გადაჭარბებულია. ცხადია, შეზღუდვებში უსასრულოდ ვერ ვიცხოვრებთ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან გვქონდეს კომუნიკაცია, რომ შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში, თუ დავიცავთ რეგულაციებს", - ამბობს ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ ტრანსპორტის აღდგენის აუცილებლობაზე სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამ უმუშევრად 50 000-მდე ადამიანი დატოვა.

ცნობისთვის, ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

საზოგადოებრივ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system