თავში

რა პრობლემაა რეგიონებში პანდემიის გამო

რა პრობლემაა რეგიონებში პანდემიის გამო
რა პრობლემაა რეგიონებში პანდემიის გამო

განსხვავებული ცხოვრების წესს ხალხი რეგიონებშიც ეგუება. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად რეგიონებში სურსათის მომარაგების პრობლემაა. მართალია, დეფიციტი არსად არ შეიმჩნევა, მაგრამ უსახსრობის გამო ხალხი 2-3 დღის სამყოფი საკვების ყიდვასაც ვერ ახერხებს. დღიური სამუშაო მოქალაქეებმა ყველგან დაკარგეს. მუდმივი სამსახურების უმეტესობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა, რამაც რეგიონებში ფინანსური პრობლემა შექმნა. 

კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემაზე საუბრობს ხალხი რაჭაში, კახეთში, სვანეთსა და სამეგრელოში.

დაბა მესტიაში მცხოვრები ზაურ ჩორთოლანი ამბობს, რომ ხალხს ჯერი კიდევ აქვს შესაძლებლობა, რომ 2 თვე თავი გაიტანონ, თუმცა ბიზნესის შემოსავალზე დამოკიდებულ ოჯახებს სამომავლოდ გაუჭირდებათ.

,,ჯერჯერობით სიმშვიდეა. ეპიდემიის შიშით ხალხი სახლებს დაუბრუნდა და ეს ერთი მხრივ, სასიკეთოცაა, იქნება სოფლის მეურნეობას როგორმე მიხედონ. ოჯახური მეურნეობა ვისაც აქვს, პრობლემას უკეთ გაუმკლავდება,  2 თვე არ უნდა გაგვიჭირდეს, თავის გატანას შევძლებთ. მერე ალბათ კორონავირუსიც გაივლის. რამდენიმე ადგილობრივი  ტურისტულ ბიზნესში იყო ჩართული და ამ სეგმენტს სამომავლოდ შეიძლება ფინანსური პრობლემა შეექმნათ, რადგან უმეტეს მათგანს ბანკის სესხი აქვს და ვალსაც ხომ გასტუმრება უნდა, როცა ამის დრო დადგება", - ამბობს ჩორთოლანი.

თელაველი ნანა შაქარაშვილი ამბობს, რომ მოძრაობა თითქმის გაჩერდა და ხალხი წესებს ემორჩილება.

,,კაფე-ბარები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრი დაკეტილია. მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები მუშაობენ. ხალხს შემოსავალი არ აყოფნის სურსათის საყიდლად და ეს ყველაზე მეტად გვაწუხებს. პანიკა არ არის, მაგრამ არც სიმშვიდეა. გარეთ გასვლას ყველა ერიდება. როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება, რაც ცოტათი მაინც გამოაცოცხლებს აქაურობას“, - ამბობს თელავის მკვიდრი. 

სიტუაცია დიდად არ შეცვლილა რაჭაში, სადაც მოსახლეობა ისედაც აღარ არის და, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია. თუმცა, როგორც ამბროლაურის მკვიდრმა გივი მდივნიშვილმა გვითხრა, სოფელში დაბრუნდა რამდენიმე ოჯახი, რომელიც თბილისსა და ქუთაისში ცხოვრობს. 

მდგომარეობა უემოციო არც ზუგდიდშია, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ხალხმა საგაზაფხულო სამუშაოებითვის დაიწყო მზადება და ყველა მოსავლის გაზრდაზეა ორიენტირებული. ყველაზე მეტ პრობლემას ხალხი აქაც სურსათის გაძვირების გამო აწყდება.

აჭარა რიგით მეორე რეგიონია, სადაც თბილისის შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება აჭარაში, report.ge ადგილობრივ ექსპერტს, სოციოლოგ პაატა აროშიძეს დაუკავშირდა.

,,ხალხი ახალ რეგალობას შეეგუა. ცხოვრების წესის შცვლა ყველასთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ამ ეტაპზე ყველა სასტუმრო - მსხვილიც, საშუალოც და წვრილიც,დახურულია. გაჩერდა ისედაც მწირი მრეწველობა. ძირითადად სამკერვალოები მუშაობენ, ისიც მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ნიღბებს კერავს. სუპერმარკეტებში დეფიციტი არ იგრძნობა, მაგრამ არც არის მოსალოდნელი, რადგან დიდი რაოდენობით მარაგებს ვერ ყიდულობენ. შემოსავალი არ აქვთ იმდენი, რომ თუნდაც კვირის სამყოფი საკვები მოიმარაგონ. მარტოხელა და მოხუცებს მოხალისეები ბინაზე აწვდიან საკვებს. ეს პროცესი ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაარეგულირა. ვისაც სჭირდება, ადგილზე მიეწოდება საკვები და მედიკამენტები“, - ამბობს აროშიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system