თავში

რა პრობლემაა შემომყვან ტურებთან დაკავშირებით

რა პრობლემაა შემომყვან ტურებთან დაკავშირებით
რა პრობლემაა შემომყვან ტურებთან დაკავშირებით

ტურიზმის პერსპექტივა, განსაკუთრებით შემომყვან ტურებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უიმედოა. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სექტორში მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია, სანამ ,,კომენდანტის საათი" არ მოიხსნება და ვაქცინაციის პროცესი არ დაიწყება.  საქართველოში წამყვანი ტურისტული კომპანიის „ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ნატალია კლიმიაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია ჯგუფურ ტურებთან დაკავშირებით, ხოლო ნაბიჯები, რომელიც ტურიზმის გახნის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან იდგმევა, არასაკმარისია.

,,ტურიზმში პრობლემის დიდი ნაწილი რეალურად მოუგვარებელია.  მრავალი დაბრკოლებაა ტურისტებისთვის, დავიწყებ იქიდან, რომ ჯერჯერობით მხოლოდ საჰაერო გზებია გახსნილი, პირდაპირი რეისები არ არის, ამიტომ აუცილებლად სახმელეთო გზებიც უნდა გაიხსნას, რათა ტურისტებს ხმელეთიდან შემოსვლის საშუალებაც ჰქონდეთ. ,,კომენდანტის საათი" არის ყველაზე დიდი დაბრკოლება. როდესაც ტურისტი ქვეყანაში ჩამოდის, მას უნდა დასვენება და გართობა. ადამიანების დიდი რაოდენობა მსოფლიოში ძირითადად ამ მიზნით მოგზაურობს. გართობის საშუალება კი უმეტესად ღამის საათებშია, შეზღუდვის გამო ტურისტს საქართველოში ამის შესაძლებლობა არ აქვს. სულ მცირე, 8 საათზე მაინც უნდა დავაბრუნოთ სასტუმროში დამსვენებელი, რომ უკვე 9 საათზე ჩვენც სახლში ვიყოთ. ამდენად, ,,კომენდანტის საათი" ძალიან დიდი პრობლემაა, ფაქტობრივად, ხელფეხი გვაქვს შეკრული. თანაც, სულ თბილისის შემოგარენის გარდა, დამსვენებლებს ტურისტული რეგიონებც უნდა დავათვალიერებინოთ. აქამდე თავისუფლად ვასწრებდით წასვლა-წამოსვლას. ახლა იძულებული ვართ, სადმე გავჩერდეთ, რაც ცალკე ხარჯია. მით უმეტეს, როცა სასტუმროში რამდენიმე დღით ვიღებთ ნომერს, შეღავათითაც ვერ ვსარგებლობთ, 1 ან 2 ღამით დაჯავშნისას უფრო რთულია ფასზე შეთანხმება. უამრავი წვრილმანია, რაც დიდ დისკომფორტს ქმნის და გვაიძულებს, ტურებზე უარი ვთქვათ, სანამ ,,კომენდანტის საათთან" დაკავშირებული შეზღუდვა არ მოიხსნება", - ამბობს report.ge-თან ნატალია კლიმიაშვილი.

ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინდუსტრიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება ვაქცინაცია. მისი თქმით, კომპანიებს  დადასტურებული ჯავშნები არ აქვს, რადგან საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ვაქცინა ამ დრომდე არ დაწყებულა და  მოგზაურობის რეკომენდაციას ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს არ აძლევენ.

,,როგორც კი იგებენ, რომ ვაქცინა არ გვაქვს, ტურისტები მაქსიმალურად იკავებენ თავს. საუბარია ჯგუფურ ტურებზე, ინდივიდუალურად რამდენიმე შეიძლება ჩამოვიდეს, მაგრამ ამინდს ვერ ქმნის, სანამ დამსვენებლები მასიურად არ შემოვლენ. ევროპელები ინტერესდებიან, როგორ მიდის ვაქცინაციის საქმე, როცა ვეუბნებით, რომ საერთოდ არ დაწყებულა ეს პროცესი და ვაქცინა შემოტანილიც კი არ გვაქვს, მოლაპარაკებას უკვე აზრი არ აქვს. გარდა ამისა, ისედაც ყველა ქვეყანამ იცის, რომ ჩვენთან ეპიდემიასთან დაკავშირებით უსაფრთხოება არ არის დაცული. ევროპის ქვეყნები და უკვე სხვებიც, საქართველოში სამოგზაუროდ არავის უშვებენ, მაქსიმალურად უწევენ რეკომენდაციას, რომ არ იმოგზაურონ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა არ არის", - ამბობს ნატალია კლიმიაშვილი.

როგორც ცნობილია, საქართველოში ,,კომენდანტის საათის" მოხსნას უკვე ბევრი ბიზნესი ითხოვს. როგორც ბიზნესმენები განმარტავენ, კომენდანტის საათის ამ შინაარსით არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების საოპერაციო ხარჯებს, არ იძლევა ეკონომიკური სარგებლის მიღების საშუალებას და, შესაბამისად, მძიმე ტვირთად აწვება და აუარესებს პანდემიის გამო კომპანიების ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ფინანსურ  მდგომარეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system