თავში

რა პრობლემას გვიქმნის სათბურის გაზი

რა პრობლემას გვიქმნის სათბურის გაზი
რა პრობლემას გვიქმნის სათბურის გაზი

მთავრობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის მექანიზმზე მუშაობას აძლიერებს. მწვანე ევოლუციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილება ატმოსფერული ჰაერის დაცვას უკავშირდება. report.ge შეეცადა გარკვევას, ყველაზე მეტად რა იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, რა პრობლემას გვიქმნის ამ თვალსაზრისით სათბური გაზი და რა პრევენცია შეიძლება განხორციელდეს პრობლემის მოსაგვარებლად?

როგორც ჩვენთან საუბრისას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ აღნიშნა, საქართველოში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, რადგან თითქმის ყველა რეგიონში გაუდაბნოების პროცესი არის დაწყებული. 

,,სასათბურე გაზი პირდაპირ იწვევს გაუდაბნოების პროცესს, რაც მთელ საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილში, დიდ პრობლემას გვიქმნის. გაუდაბნოება მხოლოდ მაღალი ტემპერატურით არ არის გამოწვეული, ეროზიულ პროცესს უკავშირდება და ამ მხრივ ადამიანური ფაქტორიც მოქმედებს. არასწორად დაგებული გზის ან მიწის დამუშავებისას დიდი რაოდენობით სათბური გაზი გამოიყოფა. ეს ხდება იმიტომ, რომ ნიადაგს არასწორად ვექცევით. შხამ-ქიმიკატების დიდი დოზით გამოყენებაც საშიშია. დიდი სიფრთხილით უნდა ხდებოდეს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ამ დროს ბევრი სასარგებლო მწერიც დიდი რაოდენობით იღუპება. მათ შორის ისეთი, რომელიც ბალახის და სხვადასხვა აგრარული პროდუქტის (ხორბალი, თხილი, ხილი და სხვა) შენარჩუნებაში გვეხმარება", - განმარტავს კობალაძე და დასძენს, რომ სერიოზულ რისკს გვიქმნის ზოო-ეროზია, რომელიც საძოვრების არასწორად გამოყენების გამო ვითარდება.

,,მნიშვნელოვანია, პირუტყვი საძოვრებში შევიყვანოთ ისეთ დროს, როდესაც მცენარეს გადაშენება არ ემუქრება და რეგენერაცია (თავის თავის აღდგენა) შეუძლია. ამისთვის მცენარის სიმაღლე 5 სმ-ზე მეტი უნდა იყოს. ასე არ ვიქცევით და დაუდევრობით ნიადაგის დამცავი საფარი ნადგურდება. დიდი პრობლემაა წყალსაცავებთან დაკავშირებითაც, რადგან გამოყოფილი მეთანი ადნობს ყინულს, რაც ეროზიულ პროცესს იწვევს და ნიადაგის დეგრადაცია ხდება. მნიშვნელოვანია ასევე, როგორ უნდა მოხდეს ქალაქში ბრძოლა კლიმატურ დათბობასთან, ასევე სოფლებსა და მთლიანად მთიან რეგიონებში და საქართველო თანდათან გახდეს ორგანული პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა", - აცხადებს კობა კობალაძე და დასძენს, რომ საუკეთესოა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ბიო-უსაფრთხოების პუნქტები, რაც, მისი შეფასებით, ბევრ ევროპულ ანალოგსაც სჯობს. 

კობა კობალაძის განცხადებით, აქცენტი ამავდროულად ტექნოლოგიების გამოყენებაზე უნდა გაკეთდეს, რამაც შეიძლება გამონაბოლქვის დონე შეამციროს. ამ მხრივ უპირატესობა მიეცეს ჰიბრიდული ან ელექტროტექნიკის გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების პროცესში.

ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system