თავში

რა პრობლემას შექმნის დიზელზე ევრო5 სტანდარტის დაწესება

რა პრობლემას შექმნის დიზელზე ევრო5 სტანდარტის დაწესება
რა პრობლემას შექმნის დიზელზე ევრო5 სტანდარტის დაწესება

დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის ამოქმედების ვადა ახლოვდება, თუმცა ცვლილებისთის მზად არც პროდუქტის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანაა და არც საქართველო, რომელსაც დასახული მიზნის მიღწევაში ხელს ავტოპარკთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო საშუალებების სიმცირემ, შეიძლება ხელი შეუშალოს.

სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ალტერნატიული ბაზრის მოძიება საქართველოში მრავალმხრივ გამოიწვევს პრობლემას. პირველ რიგში, ფასების ზრდას, რაც მომხმარებელს დააწვება და ისედაც მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო გააუარესებს. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში სტანდარტის დაწესება დისტრიბუციას შეუქმნის პრობლემას, რადგან დიზელის გაძვირებას გამოიწვევს და საბოლოოდ როგორც დისტრიბუციის ხარჯის ზრდას, ასევე რიგი პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს.

,,სადისტრიბუციო ბიზნესი პირდაპირ მიბმულია ავტომობილებთან, რომელთა 90% დიზელის საწვავზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ ახალი მანქანებით არავინ არ სარგებლობს, დიზელის სტანდარტის შეცვლა კი გარკვეულ ხარჯსაც უკავშირდება. თუმცა, თუკი დიზელი აზერბაიჯანიდან ვერ შემოვა, ალტერნატიული ბაზარი დაგვჭირდება, შესაბამისად, ფასი იქნება მაღალი და მისი გაძვირება ყველაფერზე ნეგატიურად აისახება. დისტრიბუზციაზე ექნება იმაზე მეტი წნეხი, ვიდრე მხოლოდ ლარის კურსია. ნებისმიერი ასეთი გაძვირება დისტრიბუციაზე ნეგატიურად იმოქმედებს და საბოლოოდ მომხმარებელს დააწვება ტვირთად“, - ამბობს ჭყონია.

 „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის აზრით კი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ თავდაპირველად ავტოპარკი განახლდეს და საწვავის სტანდარტი ამის შემდეგ დაწესდეს.

,,საწვავის ხარისხის სტანდარტის შემოღებას აზრი არ ექნება, თუ საქართველო ავტოპარკის განახლებას არ შეეცდება და ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს. რა გამოვა, ევრო4- ტიპის დიზელით იმოძრავებს თუ ევრო5-ის სტანდარტით, გამონაბოლქვის მაჩვენებელი ამით ვერ შემცირდება ან შემცირდება მხოლოდ უმნიშვნელოდ, რაც ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემას ვერ მოგვიგვარებს. ცალკე საკითხია საწვავის ფასიც, რადგან ახალი სტანდარტის შემოღებით დიზელი მომხმარებელს დაახლოებით15-20თეთრით მაინც გაუძვირდება. საბოლოოდ, ეს გააძვირებს საწვავის ფასზე მიბმულ პროდუქტებს, დისტრიბუციას, გადაზიდვებს და ა.შ. ამდენად, რისკი საკმაოდ დიდია", - აცხადებს მესხიშვილი.

ცნობისთვის, დიზელის ხარისხობრივ ნორმად ევრო-5-ის ვალდებულება ერთხელ უკვე გადავადდა. ის 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, როგორც გაირკვა მიმდინარე წელს ვერ მოესწრო აზერბაიჯანში ახალი სისტემის დანერგვა იმის გამო, რომ ქვეყანაში პანდემიაა და ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების ვადამ გადაიწია 2021 წლის ბოლომდე. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რომ აზერბაიჯანიდან დიზელის იმპორტს საფრთხე არ დაემუქროს. 

რეგულაციის გადავადების მომხრეა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიც, სადაც აცხადებენ, რომ მთავრობის ახალი დადგენილების კიდევ 1 წლით გადავადების შემთხვევაში ბაზარზე მომავალ წელსაც კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი.

ორგანიზაციის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system