თავში

რა პრობლემებია საქართველოს საფონდო ბაზარზე

რა პრობლემებია საქართველოს საფონდო ბაზარზე
რა პრობლემებია საქართველოს საფონდო ბაზარზე

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს. კომპანიები საქართველოში ძირითადად ობლიგაციებს უშვებენ, აქციების გამოშვებაზე თავს იკავებენ. ამის შესახებ საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი, გიორგი ფარესიშვილი, აცხადებს. მისივე განმარტებით, ობლიგაციები თავიანთი შინაარსით დიდად არ განსხვავდება საბანკო სესხისგან, ხოლო აქციების გამოშვება უფრო რთულია. სწორედ ამას უკავშირებს ფარესიშვილი ქართული ბირჟის თავისებურ ხასიათს. 

საფონდო ბირჟის შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება ისიც, რომ  კომპანიების მფლობლებს არ სურთ საკუთარი წილის შემცირება კომპანიაში.

"ტრადიციულად კი საქართველოში კერძო კომპანიები ერთი ან რამდენიმე პირის ხელში ან ოჯახის ხელშია და მათ არ სურთ ხოლმე კონტროლის დაკარგვა, ამიტომ არ უშვებენ აქციებს. რაც შეეხება, ობლიგაციებს, მასზე უარყოფითად იმოქმედა კოვიდის კრიზისმა. პანდემიამდელ პერიოდში ობლიგაციები ბაზარი იყო პროგრესული,, თვე არ გავიდოდა, რომ ობლიგაცია არ გამოგვეშვა. კორონავირუსის მიზეზით შექმნილი არაპროგნოზირებადობის გამო  კორონავირუსის გამო კომპანიებმა შეაჩერეს განვითარების გეგმები,ამიტომ ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, ზოგი ბიზნესი სულაც გაჩერდა და დამატებითი დაფინანსების მოძიების საჭიროება, განსაკუთრებით, სასესხო კაპიტალის სახით, ამ ეტაპზე არ სჭირდება,- აცხადებს გიორგი ფარესიშვილი.

ორ თვეზე მეტია საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე არცერთი ლარის გარიგება არ განხორციელებულა. ბირჟის სავაჭრო სესიებზე კი, აქტივობა ნულზეა. 2021 წლის 4 თვეში, სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 8 გარიგება დაიდო, რომელთა ღირებულება მხოლოდ, 2 454 ლარი იყო. გარიგებები „გრინ დაზღვევა საქართველოსა“ და "ლიბერთის" აქციებზე შედგა. ქართულ საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ორი კომპანიის, „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და „ქონების მართვის ჯგუფის“ ფასიანი ქაღალდები ივაჭრება აქტიურად. იანვარში 1 გარიგებაა დადებული "საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციებზეც. ე.წ „ფიქსინგით“ 57 გარიგებაა დადებული, 4980 ობლიგაციაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მლნ დოლარს აღემატება.  

ცნობისთვის, სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით. ამჟამად ბირჟაზე სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდები არის დაშვებული, მათი ჯამური მოცულობა 2.38 მილიარდი ლარია, თუმცა ამ ფასიან ქაღალდებზე მარტსა და აპრილში საბირჟო გარიგებები შეწყდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

2019 წლის ბოლოს საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებული იყო 35 ემიტენტის ფასიანი ქაღალდი. ამავე პერიოდში სავაჭრო სესიებზე და ბირჟაზე დაფიქსირებულ გარიგებათა საერთო ღირებულებამ 109.19 მლნ ლარი შეადგინა (815.96 მლნ ცალი ფასიანი ქაღალდი). აქედან, ბირჟის სავაჭრო სესიაზე დაიდო 0.05 მლნ ლარის გარიგება, ხოლო ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებების ღირებულებამ 109.14 მლნ ლარი შეადგინა.

დაფიქსირებულ გარიგებებში, გარდა საბროკერო კომპანიების მიერ განხორციელებული ტრანზაქციებისა, შესულია 2019 წლის განმავლობაში რეგისტრატორების მიერ განხორციელებული 5 გარიგება 100,824 ცალ ფასიან ქაღალდზე. გარიგებების საერთო ღირებულებამ 9.2 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის (სებ-ის) ინფორმაციით, ცენტრალური დეპოზიტარი 2019 წელს ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული იყო 721.6 მლნ ფასიანი ქაღალდი და 0.96 მლნ ლარი. აქედან, ფულადი დეპონირების ტრანზაქციების 57 პროცენტი და საერთო თანხის 90 პროცენტი განხორციელდა სს „საქართველოს ბანკის“ მონაწილეობით.

წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებულ ფასიან ქაღალდებზე ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია 18.6 პროცენტით, ხოლო რაოდენობა გაზრდილია 719.3 მლნ ცალი ფასიანი ქაღალდით. აღნიშნული ზრდის მიზეზი, ეროვნული ბანკის განმარტებით, იყო ერთჯერადი დეპონირების ოპერაცია ერთ-ერთი ემიტენტის ფასიან ქაღალდებზე, რომლის წილიც დეპონირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის 99 პროცენტს შეადგენს.

სებ-ის მონეცემებით, საანგარიშო წელს ცენტრალურ დეპოზიტარში ფულადი სახსრების ბრუნვა 0.11 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება ფულადი სახსრების ტრანზაქციების რაოდენობას, აღნიშნული მაჩვენებელიც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 59 პროცენტით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system