თავში

რა პროგნოზებია უძრავი ქონების ბაზარზე

რა პროგნოზებია უძრავი ქონების ბაზარზე
რა პროგნოზებია უძრავი ქონების ბაზარზე

უძრავი ქონების გლობალური კომპანია Colliers International Georgia-ს საბაზისო სცენარით, ეკონომ კლასის შემთხვევაში უძრავ ქონებაზე ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა ამ სეგმენტშიც მოიკლებს. კომპანიის ექსპერტების შეფასებით, იზოლაციის ფონზე მოთხოვნა იზრდება კერძო და ხელმისაწვდომ სახლებზე, მათ შორის, ქალაქგარეთ.

უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, ზომიერი იზოლაციის პირობებში 2020 წლის ბოლომდე ნეგატიურია მოლოდინები მედიუმ სეგმენტის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე როგორ ტრანზაქციების ისე ფასის კუთხით. კომპანი აღნიშნავს, რომ ამ სეგმენტში უფრო გააქტიურდება სპეკულატიური ტრანზაქციები, შემცირებული უძრავი ქონების ფასის ხარჯზე.

პრემიუმ კლასის შემთხვევაში წლის ბოლომდე მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება და ფასის უმნიშვნელო ცვლილება, რაც მწვავედ აისახება გასაქირავებელი უძრავ ქონებაზე, სადაც მოსალოდნელია როგორც ტრანზაქციების ისე მათ შორის ფასის შემცირებაც.

კომპანია აცხადებს, რომ ფასების შემცირება რისკს უქმნის დეველოპმენტების შიდა განვადებებს.

"დეველოპერების ნაწილთან გასაუბრებაზე დაყრდნობით, მყიდველების მხრიდან განვადების გადახდები შემცირებულია. ამის დარეგულირება შეიძლება დეველოპერების მიერ მომხმარებლებისთვის მშენებლობის გეგმიურად გაგრძელების ჩვენებით. აღნიშნულში მნიშვნელოვანი როლი ექნებათ ბანკებს. თუ დაფინანსება სტაბილურად გაგრძელდება და დეველოპერები შეძლებენ მშენებლობის შეუფერხებელ გაგრძელებას, მომხმარებლებიც დაინახავენ, რომ მათ ქონებას საფრთხე არ ემუქრება და უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მათაც გააგრძელონ შიდა გადახდები", - აცხადებენ Colliers International Georgia-ს ექსპერტები.

მათივე შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან.

უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, საინვესტიციო/გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. 

"მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ შესაძლოა გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან. ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური რეაქციების შეჯამება რთულია, სანამ არ აღდგება ეკონომიკური აქტივობა და მოიხსნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერჯერობით ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა" - აღნიშნულია Colliers International Georgia-ს თბილისის უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system