თავში

რა რისკი ახლავს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას

რა რისკი ახლავს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას
რა რისკი ახლავს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას

"ბირჟას გარკვეულწილად აქვს რისკფაქტორები, რომლებიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ყოფილა. ვგულისხმობ იმას, რომ ბაზრის სიმწირიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ, პირველი რამდენიმე თვის, ან თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში იყოს, ასე ვთქვათ, არასამართლიანი და სპეკულატიური ფასის ჩამოყალიბების მცდელობები," - ამ რისკს ხედავს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებაში. მისი განმარტებით, ამჟამად ჩვენს კალათაში დიდია იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, მიწოდება იმდენი არ გვაქვს, რამდენიც მოთხოვნა არის და სწორედ ამ გარემოებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულწილად სპეკულატიური რისკები, რასაც, გვიდიანის რეკომენდაციით, გამართული მენეჯმენტი სჭირდება.მისი თქმით, ბირჟის ამოქმედების კუთხით როგორც ოპერირება, ისე მონიტორინგი, დღეს მთავარი გამოწვევაა.

"ბირჟის სისტემაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ექნება, დაზღვევის მექანიზმები. ბირჟის გამართულად ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მთავარი და არსებითი საკითხი იქნება ის, რომ ფასწარმოქმნა გახდება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ფასწარმოქმნის პროცესში საზოგადოებას უკვე აღარ ექნება გარკვეულწილად უსამართლო ტარიფების განცდის საფუძველი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკული ბირჟის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გახდეს გამჭვირვალობის კომპონენტი. მთლიანად ბირჟა ეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს და აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება განცდა თუ რამდენად სამართლიანად ან უსამართლოდ დგება ფასები ელექტროენერგიაზე“, - აცხადებს გვიდიანი და იქვე დასძენს, რომ ენერგეტიკის სექტორში გამჭვირვალობის პრობლემა დღეს საკმაოდ მწვავედ დგას.

„მიმაჩნია, რომ რაც უფრო გამჭვირვალე ვიქნებით და რაც უფრო ნაკლები პასუხგაუცემელი კითხვები იარსებებს ენერგეტიკის სექტორის მიმართ, მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი იქნება. ზოგადად, კითხვები, რომლებიც დღეს საზოგადოებაში არსებობს, ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციების და არასწორი დასკვნების გაკეთების საფუძველი ხდება. შედეგად, გვაქვს მოცემულობა, როდესაც საზოგადოებაში დაგროვებული კითხვები, პასუხგაუცემელია. ხშირად, ამ დაგროვილ კითხვებს სხვადასხვა ჯგუფები სათავისოდ იყენებენ და სახეზე გვაქვს დეზინფორმაციის გავრცელების კლასიკური მაგალითები. ეს სწორედ იქედან გამომდინარეობს, რომ ენერგეტიკული სექტორი ბოლომდე არ არის გახსნილი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ მაქსიმალური გამჭვირვალობის პოლიტიკა რომ ნებისმიერ კითხვას გაეცეს პასუხი და, შესაბამისად, საზოგადოებაში აღარ უნდა იყოს კითხვები, რომლებიც ენერგეტიკის სექტორს შეეხება. ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული იქნას ეფექტიანი და შემხვედრი ნაბიჯები, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ გამჭვირვალობის პოლიტიკა იყოს მაქსიმალურ სტანდარტზე აყვანილი. იქნება ეს ბირჟის გამჭვირვალობა თუ მემორანდუმების გამჭვირვალობა, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის და, ზოგადად, საჯაროობის საკითხი, ვფიქრობ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს. ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები იმისათვის, რომ საზოგადოებასთან მიმართებით მაქსიმალურად ღია იყოს, რაც შედეგად თავისთავად გულისხმობს, რომ საზოგადოებაში აღარ დარჩეს არც ერთი შეკითხვა“, - განმარტავს ანალიტიკოსი. 

ანდრია გვიდიანის შეფასებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ პოლიტიკაში, რასაც ჰქვია კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა. გვიდიანი აღნიშნავს, რომ, ზოგადად, მნიშვნელოვანია ბირჟის კონცეფცია, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების მოდელზეა დაფუძნებული და, შესაბამისად, ეს იწვევს კონკურენციას. 

ცნობისთვის, საქართველო ევრო დირექტივების და ენერგო გაერთიანებების დირექტივების შესაბამისად, უკვე ატარებს ლიბერალურ ბაზარზე გადასვლის პოლიტიკას. შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზარზე ჩამოყალიბდება, ერთი მხრივ, სამართლიანი ფასები, რომელიც იქნება დაფუძნებული მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე, ხოლო, მეორე მხრივ, გენერაციის ობიექტებს მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთვის სასარგებლო და მისაღებ ფასებში გაყიდონ ის ელექტროენერგია, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ. 

ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამუშავდება. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირების შესაძლებლობა 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

როგორც ცნობილია, მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის, რამდენად სწორია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, როგორ უახლოვდება ქართული ენერგობაზარი ევროპულს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, გაიგეთ report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system