თავში

რა რისკი ახლავს თან ქვეყნის საგარეო ვალის ზრდას

რა რისკი ახლავს თან ქვეყნის საგარეო ვალის ზრდას
რა რისკი ახლავს თან ქვეყნის საგარეო ვალის ზრდას

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკებმა“ სახელმწიფო ვალის დინამიკა მიმოიხილა.

კვლევიდან ირკვევა, რომ 2020 წელს, ბიუჯეტის დეფიციტის წილი, რეკორდულად დიდი - 8.6%-ია. მაშინ როდესაც კანონმდებლობა (გარკვეული გამონაკლისების გარდა) 3%-იან ლიმიტს აწესებს. ამიტომაც, საშინაო ვალის მოცულობის მკვეთრად ზრდის შემთხვევაშიც ჩნდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენის რისკი, რადგან მძიმე სავალო ტვირთის მქონე ქვეყნები რომლებსაც პერმანენტულად ზრდადი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ ნაკლებ სანდოდ აღიქმებიან ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ. 

"ბიუჯეტის მზარდმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალის მზარდმა წილმა მშპ-სთან მიმართებაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს. ასევე დიდი და ზრდადი სახელმწიფო ვალი ართულებს პოლიტიკოსებისთვის ფისკალური გადაწყვეტილების მიღებას ეკონომიკურად რთულ პერიოდში. არსებობს მიზეზები, სკეპტიკურად შევხედოთ აზრს, რომ სახელმწიფო ვალს იღებს სწორად გათვლილი ინვესტირებისთვის ფიზიკურ და ადამიანურ კაპიტალში. პირველი, სახელმწიფო ხარჯების ნაწილი განკუთვნილია სახელმწიფო მოხმარებისთვის (შრომის ანაზღაურება და საქონლისა და მომსახურების შეძენა), რომელიც არ მიემართება საინვესტიციო ნაკადებში და შესაბამისად არ ზრდის კაპიტალურ ნაკადებს. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ცნობილია როგორც ცუდი ინვესტორი. 2007-2017 წლებში საინვესტიციო ხარჯების საშუალო წილი მთლიან სახელმწიფო ხარჯებში განუხრელად მცირდებოდა და საშუალოდ 5.7% იყო. თუმცა, 2017 წლიდან კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნება," - განმარტავენ "საზოგადოება და ბანკების" ექსპერტები.

ორგანიზაციის ცნობით, 2007 წლიდან მთავრობის ხარჯის სახელმწიფო ვალთან შეფარდება განუხრელად მცირდება. ამას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნა განაპირობებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სასურველია, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს.

"საზოგადოება და ბანკების" ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურება ზრდის ვალის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან, შესაბამისად, ზრდის ვალის მოცულობას ლარში. ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურება გამოიწვევს 60%-იანი ზღვრის გადალახვას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზე. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სახელმწიფო ვალი მშპ-ს 40-50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამით ქვეყანა მომავალში გადახდისუნარიანობის პრობლემებს აირიდებს.

ორგანიზაცია ასევე განმარტავს, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს ვალები და როდისაა გამართლებული მთავრობისგან საშინაო თუ საგარეო ვალის აღება.

ორგანიზაციას აქვს რეკომენდაციებიც, თუ როგორ უნდა განკარგოს მთავრობამ საგარეო და საშინაო ვალები.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებული მონაცემებით, წელს საგარეო ვალის მოცულობა გაზრდილია როგორც წლირ ჭრილში, ასევე ივლისთან შედარებითაც.

2020 წლის 31 აგვისტოსთვის საქართველოს საგარეო ვალი $6.758 მლრდ-ს აღემატება, ეს $1,371 მლრდ-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. საგარეო ვალის მოცულობა გაზრდილია ივლისთან შედარებითაც, $164 მლნ-ით.

ქვეყანას მთლიანობაში საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალებულებები გააჩნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system