თავში

რა რისკს უქმნის კორონავირუსი ქართულ ეკონომიკას

რა რისკს უქმნის კორონავირუსი ქართულ ეკონომიკას
რა რისკს უქმნის კორონავირუსი ქართულ ეკონომიკას

ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის, რაც გულისხმობს მათი ლაბორატორიების, ჯანდაცვის დაწესებულებების, მედპერსონალის პოტენციალის, აეროპორტებისა და პორტების შემოწმებას – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს “კორონავისრუსის” შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდება. საინფორმაციო ბროშურები სამ ენაზე, ქართულად, ინგლისურად და ჩინურად იქნება შედგენილი. ბარათებში ვირუსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება მოცემული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველოში “კორონავირუსის” რეალური საფრთხე არ არის, თუმცა მათივე განცხადებით, მინიმალური რისკის შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების მიღება. 

ჩინელებს საქართველოში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი აქვთ, "ლილო სითი", რომლის მომარაგებაც ყოველკვირეულად ხდება ჩინური იმპორტით. როგორც report.ge-ს იმპორტიორმა ლევან აბუსელიძემ განუცხადა, ამ ობიექტზე შემოსული საქონელი დიდი ალბათობით არ მუშავდება სპეციალური ხსნარით, რაც ვირუსის შემოტანის რისკს ზრდის.

"არავინ იცის საიდან შემოდის ეს საქონელი. რადგან მთელ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობაა, საბაჟოებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ეს ასე არ ხდება. არის ქვეყნები, სადაც მატარებლები, ტრანსპორტიც კი მუშავდება ანტისეპტიკური სპეციალური ვირუსმომაკვდინებელი ხსნარით. ჩვენთან ან არ ხდება ეს, ან ამის შესახებ არ ვიცით. არადა, თუ ხდება, გვითხრან, ხომ უფრო მშვიდად ვიქნებით. მე და ჩემმა პარტნიორმა გავაუქმეთ საქმიანი ვიზიტი ჩინეთში. საინტერესოა იქედან ჩამოსულებზე რამდენად ხორციელდება კვლევა, დაკვირვება, აღრიცხვა," - აცხადებს აბუსელიძე.

ვაჭრობის სპეციალისტები უსაფრთხოების ნორმების დაცვას აუცილებლად მიიჩნევენ, თუმცა ზედმეტმა კონტროლმა შესაძლოა ინვესტიციები დააფრთხოს, რითაც ქვეყნის ეკონომიკა იზარალებს. ამიტომ მათი თქმით ზედმეტი პანიკა და აჟიოტაჟი საჭირო არაა. საკმარისი იქნება, თუ სხვა ქვეყნების პრაქტიკას გავითვალისწინებთ და მივყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს.

"ვირუსი დროებითია. ახლა არის და გაივლის. ეკონომიკის ზარალი კი წლობით შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ ზედმეტი გართულება და შეფერხება ქვეყნებს შორის სავაჭრო პროცესის სწორი არ მგონია იყოს. მთავარია საერთასორისო გამოცდილება გავიზიაროთ. მაქსიმალური პრევენცია უნდა მოვახდინოთ თუმცა გადაჭარბებულმა სიფრთხილემ ეკონომიკური ზარალი არ უნდა მოგვაყენოს. მახსენდება 2 წლის წინ ებოლას აფეთქება იყო, რითაც ეკონომიკურად სერიოზულად ვიზარალეთ. არადა შესაძლებელია ქვეყანა კარგად მოემზადოს უარესი სცენარისთვის ისე, რომ მინიმალური ეკონომიკური ზარალი ნახოს. ამას ახერხებენ სხვა ქვეყნები, უნდა მოვახერხოთ ჩვენც," - განუცხადა report.ge-ს იმპორტიორმა. 

კიდევ უფრო უარეს სცენარს განიხილავს "კარ.ჯის" დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე, რომელიც დეტალურად განმარტავს, რა ზიანი მიადგება საქართველოს ეკონომიკას, თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო ვითარებას გამოაცხადებს. 

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში იკლებს ტურისტული აქტივობა. საერთაშორისო მოგზაურებია თავს შეიკავებენ ტურისტულ მოგზაურობაში გამგზავრებისგან. ზივზივაძის პროგნოზით, 9,3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის რიცხვი დავა მინიმუმზე, რის გამოც "დაწვება"  საქართველოს ტურისტული ბიზნესი და გაკოტრდება უამრავი კომპანია.

ზივზივაძის განმარტებით, კორონავირუსის უკონტროლობა დააზარალებს ტურიზმის მომიჯნავე სფეროს,სასტუმროებს, რომლების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში "სესხზე ზის". ზივზივაძის თქმით, არც რესტორნებს დაადგებათ კარგი დღე. მისი აზრით, დაკოტრდებიან რესტორნები, კაფეები და ყველა ტურისტულ ბიზნესზე მიბმული საშუალო და წვრილი ბიზნესები, რომლებსაც ასევე აქვთ აღებული სესხები. ზივზივაძის თქმით დრეს საქართველოში 50,000-მდე ადამიანის შემოსავალია დამოკიდებული ტურიზმიდან შემოსავლებზე.

ბიზნესის სტაგნაცია, ტარიელ ზივზივაძის განმარტებით, მძიმე ტვირთად დააწვება ლარის კურსსაც. 

"პარალელურად ლარი გააჭენებს. წარმოიდგინეთ ... 3,5 მილიარდიანი ბიზნესი თუ დაწვა ... წარმოდგენაც არ მინდა სად იქნება კურსი. ეს დაარტყამს ისედაც წაქცეულ ინვესტიციების თემას, ვაჭრობას, საერთაშორისო გადმორიცხვებს. ისტორიას რომ არ ახსოვს ისეთი "ცელი" იქნება ეს ეკონომიკისთვის," - წერს ტარიელ ზივზივაძე საკუთარ ფეისბუქპოსტში.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა ჩინეთ-რუსეთის საზღვართან ახლოს. შემთხვევა რუსეთის საზღვრიდან 430 კილომეტრში გამოვლინდა.

ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაკეტილია 13 ქალაქი. ვირუსს უკვე ემსხვერპლა 25 ადამიანი და დაინფიცირებულთა რიცხვმა 830-ს გადააჭარბა. ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, საუდის არაბეთში, სინგაპურში.

ახალი ტიპის კორონავირუსი 2019-nCoV-ი ჩინეთში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system