თავში

რა საფრთხეს ქმნის ბიუჯეტის დეფიციტი

რა საფრთხეს ქმნის ბიუჯეტის დეფიციტი
რა საფრთხეს ქმნის ბიუჯეტის დეფიციტი

კორექტირებული ბიუჯეტის დეფიციტის ზრდით, რამაც 8%-ს გადააჭარბა, მოსახლეობის კეთილდღეობას დიდი რისკი შეექმნა. ახლა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივა დამოკიდებული იქნება იამზე, რამდენად სწორად და ეფექტურად დაიხარჯება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული რესურსი და როგორ შენარჩუნდება ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის შესახებ report.ge-ს   სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ესაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი  ინფლაციას და მოსახლეობის კეთილდღეობას საფრხეს უქმნის.

,,ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის რეჟიმშია, აპრილმა დააფიქსირა მაღალი ეკონომიკური ვარდნა, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, გეგმიურთან შედარებით, ბიუჯეტს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარის შემოსავალი.  წინა წელთან შედარებით, 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-თან, მაგრამ კრიტიკულ ზღვართან ჯერ კიდევ 5 პუნქტი გვიკლია. აშშ-ს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 107%-ს შეადგენს სახელმწიფო ვალი მშპ-თან, კიდევ უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი იტალიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსთვის და სხვა. ცხადია, როდესაც ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება, ინფლაციას და მოქალაქეების კეთილდღეობას სერიოზული საფრთხე ექმნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისო მოთხოვნებს, თამაშის წესებს, რასაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უწესებენ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, არსებული სესხები მეტწილად შეღავათიან ფორმატშია და მათი რაციონალური გამოყენება საშუალებას მოგვცემს, რომ ეკონომიკა კრიზისიდან სწრაფად გამოვიყვანოთ. ამისთვის უნდა გავზარდოთ წარმოება, მოვახდინოთ საბიუჯეტო სახსრების მობილიზაცია და ვალები მალე გავისტუმროთ, რადგან  პრობლემა არა ვალებში, არამედ მათი გამოყენების შესაძლებლობებშია", - აცხადებს სტატისტიკოსი.

სოსო არჩვაძის განცხადებით, ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ბოლო პერიოდში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტრენდი შენარჩუნდეს, რათა არ დაგვჭირდეს ხელახლა რეგულაციების დაწესება და საკარანტინო შეზღუდვების შემოღება.

,,ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გართულება დააზარალებს ჩვენს მდგომარეობას როგორც ეკონომიკურად, ასევე ჯანმრთელობის მხრივ. არსებული რესურსი რომ სათანადოდ იქნას გამოყენებული, უნდა შევინარჩუნოთ ის ნორმა და პროტოკოლის მოთხოვნები, რასაც მედიკოსები საზოგადოებას უწესებენ", - დასძენს არჩვაძე,

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სახელმწიფო კორექტირებული ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-დან 8,5%-მდე იზრდება. როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დეფიციტის ზრდა, პირდაპირ კავშირშია მთავრობის ვალის მოცულობის ზრდასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system