თავში

რა საფრთხეს ქმნის ეკლესიისთვის დაშვებული გამონაკლისი ,,ტყის კოდექსში"

რა საფრთხეს ქმნის ეკლესიისთვის დაშვებული გამონაკლისი ,,ტყის კოდექსში"
რა საფრთხეს ქმნის ეკლესიისთვის დაშვებული გამონაკლისი  ,,ტყის კოდექსში

,,საქართველოს ტყის კოდექსის" მიხედვით, პრაქტიკულად უქმდება ტყის პრივატიზაციის შესაძლებლობა. სახელმწიფო ტყის გადაცემა შესაძლებელი ხდება მხოლოდ სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელი ირაკლი მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული სახით საკითხის დასმა, გარდა იმისა, რომ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს საქართველოს საპატრიარქოსა და მთავრობას, დისკრიმინაციული ნიშნების მატარებელია.

,,ტყის კოდექსი"ს მიხედვით, პრაქტიკულად  უქმდება კერძო საკუთრებაში ტყის გადაცემის შესაძლებლობა.  ერთადერთი გამონაკლისი, ვისზეც შეიძლება მოხდეს ტყის პრივატიზაცია, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია. ვფიქრობ, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ეკლესიის გარშემო მდებარე, დაახლოებით 250 მ. ფართობის ტყე საკუთრებაში გაეცეთ, მაგრამ ის, რომ სხვა ვერავინ ისარგებლებს ტყის პრივატიზაციის შესაძლებლობით, აშკარად დისკრიმინაციული ჩანაწერია კანონმდებლობაში.

ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რადგან  ისტორიულად ტყე ეკუთვნოდა არა მარტო ეკლესიას, ადგილობრივ თემებს, ე.წ. ხატის ტყეები არსებობდა და სხვა. კოდექსში უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ტყე სარგებლობსითვის სხვა სუბიექტებსაც გადაეცეს. შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სარჩელების საბაბი გახდეს", - აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.

,,სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება საკუთრებაში გადაიფორმოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

,,მწვანე ალტერნატივას"  ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ კანონპროექტში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ტყის ნაწილის გადაცემის შესაძლებლობა; თუმცა ამასთანავე აუცილებელია, რომ განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ტყის ნაწილის გადაცემის წინაპირობები, რათა ეტაპობრივად შეიცვალოს ტყეების უკანონო და არამდგრადი გამოყენების პრაქტიკა, ზეწოლა შემცირდეს სოფლებთან ახლოს მდებარე ტყეებზე და უზრუნველყოფილი იქნას ტყეებში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system