თავში

რა საგადასახადო შეღავათები ესაჭიროება საზღვაო სექტორს

რა საგადასახადო შეღავათები ესაჭიროება საზღვაო სექტორს
რა საგადასახადო შეღავათები ესაჭიროება საზღვაო სექტორს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ საზღვაო სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია, ამ სფეროს პოტენციალის უკეთესი რეალიზებისთვის ახალი საგადასახადო შეღავათების დამტკიცება და მეზღვაურთა შრომითი უფლებების შესახებ კოდექსის მიღებაა აუცილებელი.

საგადასახადო მიმართულებით სავაჭრო პალატის მიერ წარდგენილ კვლევაში საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, რაც ამ სფეროში საერთაშორისო ინვესტორთა მოზიდვისთვის უნდა განხორციელდეს. 

კვლევაში ნათქვამია, რომ საზღვაო სფეროსთვის კონკურენტუნარიანი შეღავათების მინიჭების გარეშე შეუძლებელია, რომ საქართველომ ახალი ოპერატორები მოიზიდოს. საუბარია ქონების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების შემცირებასა და განულებაზე.

“სავალალო ფაქტია, რომ დღეის მგომარეობით, საქართველოში არ ფუნქციონირებს არც ერთი საშუალო თუ მსხვილი გემთმფლობელი, ლოჯისტიკური და სავაჭრო კომპანია. საქართველოს დროშით მცურავი გემების მესაკუთრეები (გარდა მცირე ზომის იახტებისა და საბუქსირე და სალოცმანე კატარღებისა) ძირითადად უცხოური კომპანიები არიან. ეს დიდი ხარვეზია, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს თითქმის არანაირ შეღავათს საზღვაო სფეროში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. ამის გარეშე კი შეუძლებელია სერიოზულად ვისაუბროთ საზღვაო პოტენციალის სრულად გამოყენებაზე და საქართველოში სანაოსნო კომპანიების საქმიანობაზე. იმისთვის, რომ მოხდეს სანაოსნო კომპანიების (როგორც ადგილობრივ დაფუძნებული, ისე უცხოურის წარმომადგენლობის) ოპერირება საქართველოდან, აუცილებელია, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება. მაშინ, როდესაც გემების მართვა შესაძლებელია პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და არსებობს უამრავი რეგიონი შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით (მათ შორის ევროკავშირშიც), შეუძლებელია საქართველომ შესაბამისი საგადასახადო ცვლილებების გარეშე გაუწიოს კონკურენცია ვინმეს," - ვკითხულობთ კვლევაში.

ცნობისთვის, 2010 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები, გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული იახტებისა (კატარღებისა), განთავისუფლებული იყო ქონების გადასახადისგან. დღეს მოქმედ კოდექსში ასეთი შეღავათი აღარ არის დაშვებული. კვლევაში ხაზგასმულია, რომ გემების ღირებულების გათვალისწინებით, ეს სერიოზული შეღავათი და სტიმული იქნებოდა გემთმფლობელი კომპანიებისთვის.

"თუ მიზანი საქართველოში სანაოსნო ბიზნესის განვითარებაა, რის პოტენციალიც სახელმწიფოს სრულად გააჩნია, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას სხვა სახელმწიფოების წარმატებული მაგალითები, დაწესდეს საზღვაო სფეროში დასაქმებული კომპანიებისთვის შესაბამისი საგადასახადო შეღავათები ქონების და მოგების გადასახადებზე, საშემოსავლო გადასახადიდან განთავისუფლდნენ მეზღვაურები და ა.შ. მართალია, დღეის მდგომარეობით, ქართველი მეზღვაურები არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რადგან უცხოელ გემთმფლობელებთან მუშაობენ და საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაბეგვრის გამო, საქართველოში არ იბეგრებიან, ასევე ხშირ შემთხვევაში, ისინი არარეზიდენტები არიან და არ უწევთ საქართველოში გადასახადების გადახდა, მაგრამ უპრიანი იქნებოდა მათი საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლება საკანონმდებლო დონეზე იყოს დაფიქსირებული, როგორც ეს უმეტეს ევროპულ ქვეყანაშია. საგადასახადო კოდექსი შესაბამისი ცვლილებების პროექტი სააგენტოს მიერ არის მომზადებული და ელოდება შესაბამის რეაგირებას მთავრობის მხრიდან,” - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნეს კვლევების სახლის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სტატუსის მქონე საზღავო სექტორის კომპანიებს საქართველოს მთავრობამ გადასახადები უკვე შეუმცირა. 

საზღვაო ბიზნესისა და IT კომპანიებს "საერთშორისო სტატუსის" მოპოვების შემდეგ, მოგების 15%-ის და საშემოსავლო გადასახადის 20%-ის ნაცვლად, გადასახადები შეუმცირდებათ 5%-მდე. ასევე, თუ ქონება გამიზნულია, ან გამოიყენება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის, საერთაშორისო კომპანია თავისუფლდება ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისგან.

სპეციალისტების განმარტებით, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველ საგადასახადო გარემოს და კომფორტულ პლატფორმას ქმნის ქვეყანაში სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიების საქმიანობის განსახორციელებლად.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, იკითხეთ report.ge.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system