თავში

რა სჭირდება ბიზნესს

რა სჭირდება ბიზნესს
რა სჭირდება ბიზნესს

სპეციალისტები მთავრობას უწევენ რეკომენდაციას, რომ ბიზნესის დახმარების ნაცვლად, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა განახორციელონ, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის.  მათი შეფასებით, სანამ ქვეყანაში მსყიდვითუნარიანობის პრობლემაა, ვერც ბიზნესი მიაღწევს წარმატებას და ეკონომიკა განვითარების ერთ ეტაპზე გაჩერდება. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე, რომლის განცხადებითაც, თუკი სამომხმარებლო ბაზრის როლი არ გაძლიერდა, შედეგს ქვეყანა ვერასდროს იგრძნობს.

,,ქვეყნის ეკონომიკაში დღესდღობით პრობლემა დიდწილად იმას უკავშირდება, რომ ტურიზმის სფერო ჩამოიშალა, ამიტომ შეცდომა იყო, რომ ეკონომიკამ სწორება ტურიზმზე გააკეთა. სანამ ერთ რომელიმე კონკრეტულ დარგზე ვიქნებით დამოკიდებული, პრობლემა ყოველთვის გვექნება. ახლა აქცენტი აგრარულ სექტორზე კეთდება, ამ დროს მთელი მსოფლიო მეგაპროექტებს ეჭიდება. ბიზნესს მთავრობა ფულით არ უნდა ეხმარებოდეს, მას უნდა ჰქონდეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, ბიზნესს მომხმარებელი ჰყავდეს, თუ რეალიზაციის პრობლემა ექნება, კომპანიები ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას. მსყიდვითუნარიანობა უნდა გაიზარდოს, ამისთვის მთავარი აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა გაკეთდეს. 30 წელია, სახელმწიფო ცდილობს, რომ ბიზნესს მისცეს ფული და ამისთვის სხვადასხვა პროექტებია, რომელიც დღესაც ხორციელდება. თუმცა სამომხმარებლო ბაზრის როლი თუ არ გაძლიერდება, შედეგს არ გვექნება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბიზნესი სესხებში იფლობა და დახმარება სჭირდება, მესმის, მაგრამ ასე ქვეყნის ეკონომიკას არ ეშველება. დახმარება სჭირდება არა ბიზნესს, არამედ ხალხს, მაგრამ არა ფინანსური მხარდაჭერა, არამედ - სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა", - აცხადებს ზურა კუკულაძე report.ge-თან.

ანალოგიური მოსაზრებისაა ბიზნესის სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი თქმით, ბიზნესის მიმართ მთავრობამ მიდგომა უნდა შეიცვალოს და სექტორი მთლიანად ახალ მოთხოვნებზე გადაეწყოს.

,,დროზე უნდა მოვეგოთ გონს და დავიწყოთ მოქმედება ახალი გამოწვევების გათვალისწინებით. არ უნდა ვიყოთ მიმართული, რომ გვიჭირს და დაგვეხმარონ, არამედ იმაზე, ახალს რას ვთავაზობთ და რა გაკეთდება, ასევე უკუგებით - სახელმწიფო რას სთავაზობს ბიზნესს. ეს არის მთავარი, რომ მილევად რეჟიმში არ აღმოჩნდეს საწარმოო ძალა, ისედაც დიდი ხნით დავიხიეთ უკან. საუბარი არის ITკომპანიების ტექნოლოგიურ მხარდაჭრაზეც, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, თუკი სახელმწიფო მცირე საწარმოების ნაწილში მოახწერხებს და დღგ-ს დასაბეგრ ბაზას გაზრდის 500 000-მდე ანუ იმ ზღვრამდე, სადაც შემოსავლების 1% არის დაბეგვრადი. ამით ძალიან ბევრს გაეხსნება გზა და მიწოდების სერვისებში დიდი პროგრესი გვექნებოდა. მნიშვნელოვანია საგადასახადო პოლიტიკა - რა სეგმენტში და რა მიმართულებით  მიაწვდის იმ შეღავათს და შესაძლებლობაც, რომ ახლებმა დაიწყოს წარმოება, ხოლო უკვე არსებულმა კომპანიებმა - წარმოების გაფართოება", - ასეთია აკაკი ჩარგეიშვილის მოსაზრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system