თავში

რა შანსი აქვს ბიზნესს

რა შანსი აქვს ბიზნესს
რა შანსი აქვს ბიზნესს

საქართველოში ბიზნესის ბრუნვის ზრდა, მინიმუმ, 2-3 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ report.ge-თან განმარტა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემი, რომლის მიხედვითაც ბიზნესის ბრუნვის ზრდა ფიქსირდება, წარმოადგენს სტატისტიკას წარსულისთვის და რადიკალურად განსხვავდება სიტუაციისგან, რაც covid-19-ის გამო ქვეყნის ეკონომიკაში შეიქმნა.

,,ბიზნესის სექტორში 2019 წელს არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. ამიტომ ,,საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა ისტორიის კუთვნილებაა, მას გამოყენებითი ღირებულება ფაქტობრივად არ აქვს. მიუხედავად ამისა, ბიზნესის სექტორში დღესდღეობით ვარდნის მასშტაბები ნაკლებია, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში. მეტ სიცოცხლიუნარიანობას ამჟღავნებს და შესაბამის პირობებში ზრდის ტემპის ჩვენებას შეძლებს. საშუალოდ, 2-წლიან ამოვარდნას აქვს ადგილი, 2022 წლის ბოლოს თუ გავალთ 2019 წლის დონეზე, ეს იქნება საკამოდ კარგი მაჩვენებელი. ამ მხრივ 2020-2021 წლები იქნება უკან დახევის, დაბალი დონის ნიშნული, კრიზისამდელ 2019 წელთან შედარებით", - ამბობს არჩვაძე.

რაც შეეხება ყველაზე პრობლემურ დარგს, როგორც სტატისტიკოსი ამბობს, ტურიზმის შემდეგ ეს არის ავიაცია, რომელიც შექმნილ სიტუაციაში ძალიან დაზარალდა.

,,სავიაციო ტრანსპორტს ძველი დონის დასაბრუნებლად დასჭირდება 4-5 წელიწადი მაინც არა მარტო პანდემიის, არამედ აეროპორტების ინფრასტრუქტურის გამოც. რეგულაციებიდან გამომდინარე, დარგს გარკვეული შეზღუდვებით უწევს საქმიანობა და მდგომარეობის გაუმჯობესება ავიაციისთვის საკმაოდ რთული იქნება. მართალია, მას ყველაზე ნაკლები მგზავრი გადაჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ, ეს არის ყველაზე გადახდისუნარიანი სეგმენტი და გამოხატავს მზაობას, რომ მეტი გადაიხადონ. ამიტომ საერთაშორისო ტურიზმი და ავიაცია მაღალი კორელაციის განაპირობებს როგორც აღმასვლას, ასევე დაცემასაც. სამწუხაროდ, ახლა ნეგატიურ ტენდენციას აქვს ადგილი და მდგომარეობის გამოსწორება ამ მიმართულებით დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდება", - ამბობს არჩვაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9 პროცენტით გაიზარდა და 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა. მზარდია ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

2019 წელს მისი მოცულობა 47.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 14.0 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system