თავში

რა შანსი აქვს ქართულ მანდარინს საერთაშორისო ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად - Exclusive

რა შანსი აქვს ქართულ მანდარინს
რა შანსი აქვს ქართულ მანდარინს საერთაშორისო ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად - Exclusive

"ამ ეტაპზე სხვადასხვა ბაზრებზე 1000 ტონამდე ქართული მანდარინია ექსპორტირებული, ფასი კი 60 თეთრიდან 1.5 ლარადე მერყეობს," - ამის შესახებ Report.ge-ს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, წელს ციტრუსის რეალიზაცია შეუფერხებლად მოხდება, რის მიზეზადაც წლევანდელი მოსავლის უკეთესი ხარისხი სახელდება.

"ნარინჯისფერი რთველი სულ უფრო მომგებიანი ხდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქართული მანდარინით ბელორუსია დაინტერესდა. პოლონეთში საცდელი პარტიები ჯერ კიდევ შარშან წარმატებით გავიტანეთ, ვმუშაობთ სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის ბაზრების ათვისებაზე,“ - გვატყობინებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

უწყებაში report.ge-ს განუმარტეს, რომ უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მანდარინის გატანა შუა აზიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იგეგმება. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55-60 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც 2018 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება, თუმცა ადგილობრივი ფერმერების თქმით, შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია ხარისხი.

შეგახსენებთ, საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის, "პი-ემ-სის" ინფორმაციით, საქართველოში მანდარინი ერთ-ერთი მთავარი აგროსასურსათო პროდუქტია, რომელიც ექსპორტზე გადის და მოაქვს შემოსავალი. სატარიფო ბარიერების მხრივ, მანდარინი იმ 28 პროდუქტს შორის არის, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე "შესვლის ფასს" არის დაქვემდებარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ქართული მანდარინის საინვოისო ფასი ნაკლებია ევროკავშირის დადგენილ ფიქსირებულ ფასზე, ექსპორტიორი იბეგრება ფასთა სხვაობით.

2018-2019 წლების „ნარინჯისფერი რთველის“ ფარგლებში, მანდარინის ექსპორტმა 26,775 ტონა შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობას (გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 20,614 ტონა მანდარინი).

რუსეთი, უკრაინა და სომხეთი, ის ძირითადი ქვეყნებია, სადაც საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ხორცილდება. შედარებით მცირე რაოდენობით, ციტრუსის ექსპორტი ხორციელდება ასევე, ყირგიზეთში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, უზბეკეთში, ლატვიასა და აზერბაიჯანში.

რაც შეხება სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობას, შარშან ის 9,140 ტონას შეადგენდა,რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1.191 ტონით მეტია.

"ნარინჯისფერი რთველი" საქართველოში 10 ნოემბრიდან იწყება. ცნობისთვის, ევროკავშირი ქართულ მანდარინს შეღავთებს სთავაზობს.

მსგავსი თემები: აფხაზეთში ციტრუსის რეალიზაცია წელსაც ჭირს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system