თავში

რა შანსი აქვთ რობოტებს საქართველოს საფინანსო ბაზარზე

რა შანსი აქვთ რობოტებს საქართველოს საფინანსო ბაზარზე
რა შანსი აქვთ რობოტებს საქართველოს საფინანსო ბაზარზე

ეროვნული ბანკის ინიციატივამ, რომ ფინანსურ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ხელი შეუწყოს, სპეციალისტები კრიტიკა გამოიწვია. ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვი სებ-ის ახალ დებულებას ქართული ბაზრის თავისებურების გამო უტოპიურად მიიჩნევს. მისი თქმით, მანქანური სწავლების მოდელი ამართლებს ისეთ ქვეყნებში, სადაც კაპიტალის ბაზარი მაღალ დონეზეა განვითარებული და  არა საქართველოში, სადაც ფინანსური სექტორის ძირითადი საქმიანობა სესხების გაცემას უკავშირდება.

,,ეროვნული ბანკის ახალი დებულებით გამოდის, რომ სესხის გაცემის გადაწყვეტილებას რობოტი მიიღებს. როგორც წესი, ეს ამართლებს რაღაც დონემდე, მაგრამ არა საქართველოს შემთხვევაში. სესხის განაცხადის განმხილველად რობოტი ვერ გამოდგება. ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც მოქმედებს ბანკის გადაწყვეტიელბაზე. ბევრი ასპექტია, ამიტომ რაღაც დონემდე შეიძლება გაამართლოს, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ რისკების შეფასებას, ხელოვნურ ინტელექტს დავარქმევთ თუ რობოტიზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, დღეს გამოიყენება ძირითადად Forex-ის ბაზარზე და ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრებზეც, რაც ჩვენტან მინიმალურ დონეზეც ვერ განვითარდა. ამას ჰქვია ჩვეულებრივ რობოტი, რომელსაც აქვს თავისი ალგორითმი და აანალიზებს რისკებს, სტატისტიკას და რაოდენობრივ ანალიზს ამუშავებს, რის მიხედვითაც დებს შესაბამის გარიგებას. როგორც პრაქტიკამ აჩვენა კაპიტალის ბაზარზე ასეთი რობოტების გამოყენება დაშვებულია. ჩვენთან არც კაპიტალის ბაზარია და არც სხვა ფინანსური მიმართულება, მხოლოდ სესხის გაცემის შემთხვევაში შეიძლება გამოიყენონ და რამდენად გამოდგება ეს მოდელი, საეჭვოა", - განმარტავს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ ადამიანური ფაქტორი ამ შემთხვევაში გაცილებით ძლიერია, რის ფონზეც რობოტების, იგივე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ეფექტური არ არის.

,,სჯობს, რომ სებ-მა გადახედოს საკრედიტო პოლიტიკას და კაპიტალის ბაზრის ფორმირებას, რაც  პრაქტიკულად არ გვაქვს. ასეთ მდგომარეობაში იგი, ხელოვნურ ინტელექტს ეპოტინება, რაც  მისი მხრიდან საქმის კეთების იმიტაციაა, ბუტაფორიული ინიციატივები, რომელსაც სასარგებელი არ მოაქვს არც კაპიტალის ბაზრისთვის, არც ბანკებისთვის და არც - ეკონომიკისთვის", - დასძენს ფინანსისტი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-ი) „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის" დებულებას ამტკიცებს. ქვეყნის მთავარი ბანკის განმარტებით, აღნიშნული მოდელები ზრდის ეფექტიანობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ავტომატიზირების პირობებში გადაწყვეტილებების მიღების ხარისხს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system