თავში

რა შანსია ვაქცინაცია ტურინდუსტრიისთვის

რა შანსია ვაქცინაცია ტურინდუსტრიისთვის
რა შანსია ვაქცინაცია ტურინდუსტრიისთვის

ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია იქნება ერთი დიდი ნაბიჯი, რომ ტურისტულმა ინდუსტრიამ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყოს. როგორც მან report.ge-თან აღნიშნა, აღიდგენს თუ არა ძალებს ტურიზმი, მთლიანად ვაქცინაციის შედეგზე იქნება დამოკიდებული. ვეფხვაძის აზრით, ტურიზმში სტრუქტურული ცვლილებაა საჭირო, რომელიც სწორედ ვაქცინაციის პროცესით უნდა დაიწყოს.

,,ეკონომიკის აღდგენა ტურისტული ნაკადების  გარეშე შეუძლებელია. ტურიზმი არის რთულ მდგომარეობაში, უზარმაზარი ინფრასტრუქტურაა გაჩერებულია და ვერ აგენერირებს მოთხოვნას სხვა ინდუსტრიებიდან, რის გამოც სიტუაცია უფრო რთულად სამართავია. ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება, ვიდრე სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილება და ძვრები არ მოხდება, სტრუქტურული ცვლილებაა საჭირო. მთლიანად ვაქცინაციის შედეგზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ვაქცინაციის ტემპი მაღალია, თუნდაც ისრაელის მაგალითზე, იქ უკვე დაბალია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. ეკონომიკა პრაქტიკულად გახსნეს. მეორე საკითხია ჩვენს ინფრასტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების აცრა,  რომ თვითონ ისენი არ გახდნენ გარედან შემოსული ტურისტების ინფექციის წყარო. არის წესები, რის დაცვაც გარდაუვალი და აუცილებელია. ამიტომ ტურიზმში დასაქმებული ადამიანები უნდა იყვნენ პრიორიტეტული", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე report.ge-თან.

ავაქცინაციის პროცესს მდგომარეობის დაძლევის მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს საქართველოში წამყვანი ტურისტული კომპანიის „ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ნატალია კლიმიაშვილი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამავდროულად უნდა დაიწყოს ფიქრი ,,კომენდანტის საათის" მოხსნაზეც, რაც შემომყვანი ტურების მიმართულებით დიდ პრობლემას ქმნის.  

,,როგორც კი იგებენ, რომ ,,კომენდანტის საათი" ძალაშია, ტურისტები მაქსიმალურად იკავებენ თავს. საუბარია ჯგუფურ ტურებზე, ინდივიდუალურად რამდენიმე შეიძლება ჩამოვიდეს, მაგრამ ამინდს ვერ ქმნის, სანამ დამსვენებლები მასიურად არ შემოვლენ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ,,კომენდანტის საათი" არის ყველაზე დიდი დაბრკოლება. როდესაც ტურისტი ქვეყანაში ჩამოდის, მას უნდა დასვენება და გართობა. ადამიანების დიდი რაოდენობა მსოფლიოში ძირითადად ამ მიზნით მოგზაურობს. გართობის საშუალება კი უმეტესად ღამის საათებშია, ადამიანს თუ შევზღუდავთ, მას არ მოუნდება საქართველოში დასვენება. თბილისის შემოგარენის გარდა, დამსვენებლებს ტურისტული რეგიონებც უნდა დავათვალიერებინოთ. აქამდე თავისუფლად ვასწრებდით წასვლა-წამოსვლას. ახლა იძულებული ვართ, სადმე გავჩერდეთ, რაც ცალკე ხარჯია, რომელიც საბუოლოოდ საგზურის ღირებულებაში აისახება და მოთხოვნაზე ნეგატიურად იმოქმედებს", - ამბობს report.ge-თან ნატალია კლიმიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც ტურინდუსტრიის ვაქცინაციას იწყებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

,,საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო და მზად არის, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს," - განაცხადა თურნავამ.

ტურინდუსტრიის ვაქცინაცია 3 დღეში დაიწყება. ტურობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დაეხმარებიან, ანუ მთავრობა უფასო მარკეტინგულ სერვისს გაუწევს. კომპანიების სია დაინტეგრირდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტულ ვებ-პლატფორმასა და ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ კამპანიებში, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ვახორციელებთ და ამ სიას დაინტერესებული პირები გაეცნობიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system