თავში

რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ კორეასგან

რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ კორეასგან
რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ კორეასგან

კორეასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაწყებას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და განმარტავს, რომ ამ ტიპის კავშირის გაღრმავებით საქართველო შეიძლება იქცეს დამაკავშირებელ ხიდად კორეასა და ახლომდებარე - ევროკავშირისა და დსთ-ს სახელმწიფოებს შორის. გარდა ამისა, არჩვაძის თქმით, კორეამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია განათლებაში, რამაც ქვეყნის ეკონომიკური წარმატება უზრუნველყო და თუ რაიმე შეიძლება ჩვენ კორეასგან ვისწავლოთ, არჩვაძის თქმით, მეცნიერების მიმართ დამოკიდებულებაა.

,,კორეა თავისი ეკონომიკური განვითარების დონით საინტერესოა. ინოვაციურ ტექნოლოგიებში მსოფლიოში იგი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. კორეამ თავის დროზე, 50-60-იანი წლების მიჯნაზე, ბოლომდე არ გაითვალისწინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, რომლებიც ურჩევდნენ, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით წასვლას, მაქსიმუმ, მსუბუქი მრეწველობის დარგების განვითარებას. თანდათან განავითარა  ჯერ მძიმე ინდუსტრია, მერე ზუსტი მანქანათმშენებლობა, ელექტრონიკა და ახლა  ინოვაციური ტექნოლოგიების ერთ-ერთი მიმწოდებელია მსოფლიოში. კორეელებს კურსი აღებული ჰქონდათ ისეთ ეკონომიკაზე, რომელიც აქცენტს აკეთებდა ტექნიკისა და მეცნიერების აქტიურ მონაწილეობაზე ეკონომიკაში. მეცნიერებაზე აღებული ხარჯის წილის მიხედვით, მშპ-ში სამხრეთ კორეა ერთ-ერთი მოწინავეა, მშპ-ს 4% და მეტი კვლევებში და განვითარებაში
იხარჯება და ამან უდიდესი წარმატება მოუტანა. მშპ-ში მეცნიერებაზე გაღებული წილი საქართველოში არის 8-9-ჯერ დაბალი, ვიდრე კორეაში და თუ გავითვალისიწნებთ რამდენად მაღალია მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, ის უკვე რამდენიმე ათეულით გვიწევს. ამიტომ თუ რამე გადმოსაღებია კორეასგან, სწორედ ეს უნდა ვისწავლოთ და
 მეცნიერებას მეტი ყურადღება მიექცეს", - განმარტავს სტატისტიკოსი.

არჩვაძის თქმით, კორეასთან ეკონომიკური კავშირები ძალიან პერსპექტიულია და შეიძლება საქართველო აქციოს კორეული პროდუქციის არა მხოლოდ მომხმარებელ, არამედ მწარმოებელ ქვეყნადაც.

,,სწორი ეკონომიკური ურთიერთობით შევძლებთ იმ სიახლეების, ახალი  ტექნოლოგიების გადმოღებას. შანსი გვაქვს, ვიქცეთ დამაკავშირებელი ხიდად, ვთქვათ, კორეასა  და ახლომდებარე ბაზრებთან - ეს იქნება ევროკავშირისა თუ დსთ-ს სხვადასხვა სახელმწიფო. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით დიდი სარგებლის დანახვა შეიძლება. კორეას შეუძლია საქართველოში გაიმყაროს თავისი პოზიციები, არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის მასშტაბითაც. ჩვენ კი შეგვიძლია ადგილობრივი პროდუქციით დავაინტერესოთ, მათ შორის, ჩვენი უნიკალური ღვინოებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, ისინი საკმაოდ კარგად ერკვევიან გასტრონომიულ კულტურებშიც და ამ შანსის გამოყენებაც შეიძლება. ცხადია ეს იქნება, როგორც ,,ქუჩა ორმხრივი მოძრაობით" - არა მხოლოდ კორეული საქონლის იმპორტი, არამედ ქართული პროდუქტის უკეთ წარმოჩენა კორეულ ბაზარზე", - აცხადებს სოსო არჩვაძე report.ge-თან.

ცნობილია, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევის (feasibility study) დაწყება იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული წინასწარ კონსულტაციებზე, სადაც მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კორეას სავაჭრო პოლიტიკები, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ხედვა და მიზნები, სავაჭრო რეჟიმები, პრიორიტეტული მიმართულებები, ინტერესის სფეროები და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system