თავში

რა შემთხვევაში დარჩება საქართველო აბრეშუმის გზის მიღმა

რა შემთხვევაში დარჩება საქართველო აბრეშუმის გზის მიღმა
რა შემთხვევაში დარჩება საქართველო აბრეშუმის გზის მიღმა

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ამ შეთნხმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს მიეცა გარკვეული დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. სპეციალისტების აზრით, აზერბაიჯანს ეძლევა კორიდორი ნახიჩევანისაკენ. ამით რეგიონში 30 წლიანი ურყევი მდგომარეობა დარღვეულია და ახალი რეალიები ჩნდება, კერძოდ, ის, რომ რუსეთის ერთპიროვნული გავლენები იზღუდება და თურქეთი ამ რეგიონში გეოპოლიტიკური მოთამაშე ხდება.

"შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ საქართველო "ამოაგდეს" აბრეშუმის გზიდან, მაგრამ მე სხვანაირად ვუყურებ ამას,  კი არ "ამოგვაგდეს", არამედ, გამოწვევის წინაშე დაგვაყენეს,"  - აცხადებს სარკინიგზო საკითხების ექსპერტი, პროფესიონალ  რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი, დათო გოჩავა report.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, საქართველომ ახლა რეგიონის სარკინიგზო ლოგისტიკაში უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშოს, მას სხვა გზა არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გოჩავას მტკიცებით, საქართველო განწირულია აბრეშუმის გზის მიღმა დასარჩენად.

დავით გოჩავას თქმით, თუ გავითვალისწინებთ თურქეთის და რუსეთის თანამშრომლობას ამ კონფლიქტში, არაა გამორიცხული, რამდენიმე წელიწადში ამოქმედდეს გამჭოლი სარკინიგზო გადაზიდვების მარშრუტი „ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - მეღრი - ბაქო“. ამ შემთხვევაში:

1. სომხეთი მიიღებს სარკინიგზო კავშირს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის პორტებთან თურქეთის გავლით;

2. აზერბაიჯანი მიიღებს სარკინიგზო კავშირს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან;

3. რკინიგზა გახდება აზერბაიჯანის მიერ დაბრუნებული რაიონების აღდგენის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კომპონენტი.

4. აღნიშნული მარშრუტის ამოქმედების შედეგად, იხეირებს თურქეთის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთის რეგიონები, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დასავლეთის და სამხრეთის რეგიონებს. 

5. და ყველაზე მნიშვნელოვანი: ახალქალაქის საყრდენ რკინიგზის სადგურს გაუჩნდება კონკურენტი გიუმრის რკინიგზის სადგურის სახით.

"ან ვითამაშებთ უმაღლეს დონეზე, ან განწირულები ვართ და ფინალს მიღმა ვრჩებით," - ამბობს დავით გოჩავა.

report.ge-ს კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, გოჩავა ამბობს, რომ  უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რომლის განხორციელება ჭიანურდება. მისივე განმარტებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. 

"მეორე: ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას. ამისთვის, ქართულმა მხარემ თურქულ მხარესთან ერთად უნდა ითანამშრომლოს ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით, ეს ეხება კადრების ერთობლივ მომზადებას, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისე თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში, თუ შესაძლებელი იქნება, ევროპის უმაღლეს ლოგისტიკურ სასწავლებლებშიც. ანუ, უნდა შეიქმნას ერთიანი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ახალქალაქის რკინიგზის სადგურის თანამედროვე დონეზე ფუნქციონირებას. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც უნდა დავძლიოთ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს,"  - ამბობს დავით გოჩავად report.ge-ს და დასძენს, რომ ეს ხელს შეუწყობს "საქართველოს რკინიგზის" რეფორმირებას ევროპულ ყაიდაზე, რადგან "თურქეთის სახელმწიფო რკინიგზა" მოწყობილია ისე, როგორც ევროპის ნებისმიერი ქვეყნის რკინიგზა.

რაც შეეხება, საქართველოს ენერგეტიკულ სატრანზიტო ფუნქციას, სპეციალისტების აზრით, ყარაბაღის ტერიტორიების აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებით, საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის დაკარგვა ნაკლებსავარაუდოა.

ცნობისთვის, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს მტკივნეული გადაწყვეტილება „საბრძოლო ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი დარწმუნებულია, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან კონფლიქტს წერტილს დაუსვამს და ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს.

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად 27 სექტემბერს დაიძაბა. ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარე წლის ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ყველაფერს იმის შესახებ, თუ რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა ყარაბაღის ომს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system