თავში

რა შემთხვევაში გაიზრდება მშპ 11%-ით

რა შემთხვევაში გაიზრდება მშპ 11%-ით
რა შემთხვევაში გაიზრდება მშპ 11%-ით

საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ გაუტოლდება კაცების ეკონომიკურ აქტიურობას, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 11%-ით. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, ეკონომიკისთვის ძალიან დიდი რესურსი, რომელიც ახლა დაკარგულია და რომელსაც ქართული ეკონომიკა აბსოლუტურად ვერ იყენებს. ამიტომ, ამ მიმართულებით გააქტიურება სჭირდება არა მარტო ქალებს, არამედ ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა ფორუმზე - „როგორ ისწრაფვიან ქალები ინოვაციისა და პროგრესისადმი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქალების ეკონომიკური გაძლიერება უამრავი საკითხისგან და თემისგან შედგება, ამიტომ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, მათ შორის - სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

„სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა ეკონომიკურ პროგრამებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, ქალების საჭიროებებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი დაიწყონ ან უკვე დაწყებული აქვთ სამეწარმეო საქმიანობა და სურვილი აქვთ მისი გაფართოების. ნამდვილად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ის პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს ფულით, ყველა ჩვენგანის გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, ბევრად უკეთ იყოს მორგებული იმ საჭიროებებზე, რომლებიც თქვენ გაქვთ ან სხვა ადამიანებს აქვთ და, შესაბამისად, მათი ეფექტურობა იყოს ბევრად უფრო მაღალი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება არის მეტნაკლებად სწრაფი მექანიზმი იმისთვის, რომ ადამიანი დასაქმდეს და შემოსავლის წყარო გაუჩნდეს. მისივე თქმით, პარლამენტმა უკვე მიიღო კანონმდებლობა, რომელიც შეეხება შევიწროების და დისკრიმინაციის თემებს და ასევე, იგეგმება შრომის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რომელიც დასაქმების ადგილას შექმნის მეტნაკლებად თანასწორ გარემოს და თანასწორ პირობებს.

„ჩვენი კარი ღიაა და, გთხოვთ, მოგვაწოდოთ საინტერესო იდეები, რა შეიძლება პარლამენტმა დამატებით კიდევ გააკეთოს. ჩვენთვის პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის თამარ ჩუგოშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system