თავში

რა შემთხვევაში გამოაცხადებენ რესტორატორები დაუმორჩილებლობას

რა შემთხვევაში გამოაცხადებენ რესტორატორები დაუმორჩილებლობას
რა შემთხვევაში გამოაცხადებენ რესტორატორები დაუმორჩილებლობას

2021 წლის 15 თებერვლიდან რესტორნები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ. რესტორატორებს მხოლოდ ღია სივრცეში მუშაობის დაშვება არ აკმაყოფილებთ და დასძენენ, რომ თუ მთავრობა რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ.

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ  ღია სივრცეებში მუშაობა რესტორნებისთვის დიდი სარგებლის მომტანი არაა. ცივ ამინდში კი, ეს მათთვის წარმოუდგენელია. 

„მთავრობის გადაწყვეტილება იმ უფსკრულის ამოსავსებად გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის “ლოქდაუნის” შედეგად შეიქმნა. გადავწყვიტეთ, რომ შაბათს არ გავიხსნებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარესტორნო ბიზნესისთვის 15 თებერვლიდან გარე სივრცეების გახსნა დიდი ან მცირედი დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. ეს პროცესი რესტორნების უმრავლესობისთვის ამ ამინდში დიდი სარგებლის მომტანი არაა. ეს გადაწყვეტილება ძალიან მინიმალურია, მაგრამ მე უფრო ვაფასებ საზოგადოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს, რაც ტრანსპორტს, სკოლების გახსნას შეეხება, ამას ერთობლიობაში განვიხილავ, მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, თუ 15 თებერვლის შემდეგ კოვიდ ვითარების მხრივ ასეთ ციფრებში ვიქნებით და ადგილი არ ექნება სიტუაციის გართულებას, ვაანონსებთ, რომ ეს დაუმორჩილებლობის აქტი გადაიწევს რამდენიმე კვირით, თუ ხელისუფლება, შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში, რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს. თუ ხელისუფლება, როგორც აქამდე ყრუ იყო, სიყრუეს გააგრძელებს, რეაქციას მიიღებს. საზოგადოება და ბიზნესი ამ შემთხვევაში ერთად იქნება. განვაცხადეთ, რომ შაბათს გავიხსნებოდით და ამას ხელისუფლებისგან ერთ დღეში მოჰყვა რეაქცია, ამას მე პირადად მისასალმებელი ტონით ვუყურებ, გადაიდგა პირველი ნაბიჯი და ულტიმატუმის ენით საუბარი ჩემი წესი არაა.  შაბათს რომ გავხსნილიყავით, გპირდებით, რომ ვერცერთი რესტორანი ვერ დაჯარიმდებოდა. თავბრუ დაესხმებოდა ბექა ფერაძეს და მის სამსახურს, ვინ უნდა დაეჯარიმებინათ. ასეთი გეგმა გვქონდა ჩვენ. რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ჩვენ მას ვუერთდებით და იმ საკითხებისთვის, რაც პრობლემური დარჩა უნდა ვიბრძოლოთ და ვიმოქმედოთ“,- განაცხადა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება. მათ დაწესებული რეგულაციებისადმი დაუმორჩილებლობა მთავრობის წარმომადგენლებთან გიშინდელი შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრეს.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ რესტორნები საქართველოში 15 თებერვლიდან იხსნება. მანამდე კი რესტორატორებმა 6 თებერვლიდან თვითნებული გახსნა დააანონსეს, თუმცა, მთავრობის მიერ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბიზნესმა პოზიცია შეიცვალა.

რესტორატორები შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურმა და ეკონომიკის მინისტრმა გუშინ მკაცრად გააფრთხილა. ინსპექციაში განაცხადეს, რომ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, რესტორნებს კანონის ფარგლებში დააჯარიმებდნენ, თუმცა რესტორატორები, გაფრხილების მიუხედავად, შაბათს გახსნას მაინც აპირებდნენ, რომ არა მათი 15 თებერვლიდან გახსნის გადაწყვეტილება.

გუშინვე მთავრობამ განაცხადა, რომ "ურჩ ბიზნესს" სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებში აღარ ჩართავენ და სუბსიდიები და შეღავათები აღარ შეხებათ.

ცნობისთვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system