თავში

რა შემთხვევაში განიხილავს აზერბაიჯანი სომხეთის ჩართვას ახალ სატრანსპორტო დერეფნებში

რა შემთხვევაში განიხილავს აზერბაიჯანი სომხეთის ჩართვას
რა შემთხვევაში განიხილავს აზერბაიჯანი სომხეთის ჩართვას ახალ სატრანსპორტო დერეფნებში

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გზის გახსნაზე აზერბაიჯანი დიდი იმედს ამყარებს. აზერბაიჯანელი დეპუტატის, ეკონომიკის ექსპერტის, ვუგარ ბაირამოვის განმარტებით, ახალი სატრანსპორტო დერეფანი გაზრდის აზერბაიჯანის გავლით საერთაშორისო ტვირთნაკადს და გადააწყობს რეგიონის ეკონომიკას. 

აზერბაიჯანული მხარე ახალ სატრანსპორტო დერეფანში სომხეთის ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა გარკვეული პირობით. 

”თუ სომხეთი შეაჩერებს საოკუპაციო პოლიტიკას, ცნობს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ამ ქვეყნის რეგიონულ პლატფორმებში მონაწილეობის საკითხის განხილვა შეიძლება და სომხებს შეეძლებათ ახალი სატრანსპორტო დერეფნების გამოყენება,"ამბობს ვუგარ ბაირამოვი.

დეპუტატის განმარტებით ცივილიზებულ სამყაროში მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და მშვიდობიანი თანაცხოვრება აუცილებელი და სასურველი რამაა ყველასთვის.

დეპუტატი ხაზს უსვამს რომ სომხეთი ამჟამად ეკონომიკურად დასუსტებულია და თუ საოკუპაციო პოლიტიკაზე უარს იტყვის, მას რეგიონში ინტეგრირების საშუალება ექნება, რითაც მისი ეკონომიკა გადარჩება. 

"სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკა უარყოფითად აისახება სომხეთის ეკონომიკაზე. დღეს სომხეთში უმუშევრობის დონე 20% -ზე მეტია, სიღარიბის დონე დაახლოებით 30% -ია, 2020 წელს შემცირდა სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის მშპ. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის საგარეო ვალი 8 მილიარდ დოლარს აღემატება, ქვეყანას სავალუტო რეზერვები 2.5 მილიარდი დოლარი აქვს. რეგიონული თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის გასაუმჯობესებლად," - განმარტავს დეპუტატი.

"ნახიჩევანის სარკინიგზო დერეფნით ისარგებლებენ აზერბაიჯანიც, თურქეთიც, რუსეთიც, სომხეთიც და ირანიც“ - ამის შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, მოცემულ მომენტში მიმდინარეობს სამუშაოები ნახიჩევანის დერეფნის გახსნისთვის. 

თურქეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 12 ნოემბერს დაანონსდა. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით, სარკინიგზო პროექტს სახელიც შეურჩიეს და მას „თურქეთის კარიბჭე“ უწოდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "თურქეთის კარიბჭის" სარკინიგზო პროექტს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნახჭევანის გავლით დიდი სტრატეგიული უპირატესობები ექნება. თურქეთი და აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ „თურქეთის კარიბჭე“ ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან მტკიცე კავშირების დამყარებას, აგრეთვე მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს შექმნის ჩინეთთან. ორივე მხარის მტკიცებით, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივ ვაჭრობასა და თურქეთისა და აზერბაიჯანის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებას.

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება. პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული სამუშაოების უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება.

ბაქო-ნახიჩევან-თურქეთის რკინიგზის BTK- სთან ინტეგრაცია განიხილება. მას შემდეგ რაც ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა დაანონსდა, ექსპერტების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ საქართველო აღმოჩნდებოდა რკინის აბრეშუმის გზის მიღმა, თუმცა ლოგისტიკის ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენად მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისი კონკურენცია და სატრანზიტო ფუნქციის შესუსტება საფუძველს მოკლებულია.

იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, სპეციალისტების განმარტებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რადგან მათი მტკიცებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. ასევე, ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system